ზამთრის კურორტებზე ვიზიტორებს განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) 2022-2023 წლის ზამთრის
სათხილამურო სეზონზე, ვიზიტორებს ახალ ინფრასტრუქტურას
დაახვედრებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023
წელს კურორტი ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, თავისუფალი
სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით.
„2023 წლამდე ქვეყანას ვალდებულება აქვს აღებული განახორციელოს
უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები.
დიდველისა და მიტარბის არეალში უმოკლეს ვადებში აშენდა წყლის ორი
ხელოვნური რეზერვუარი (ტბა) ჯამური მოცულობით 307 000 მ3, რომელიც
აუცილებელია გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.
დიდველი, კოხტა-მიტარბის არეალში კი აქტიურად მიმდინარეობს
29-კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. „მსოფლიო
ჩემპიონატის პროექტი ფარგლებში აშენდა 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა. ასევე
გაკეთდა ახალი ტურისტული სათხილამურო გზები.
შეძენილია ახალი სპეც-ტექნიკა (თოვლსატკეპნი, თოვლმავლები და სხვა).
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასატარებელია 30 შეჯიბრი, 7
სახეობაში. აღსანიშნავია ისიც, რომ განხორციელებული პროექტები რჩება
კურორტს და ათეული წლები მოემსახურება ბაკურიანში ვიზიტორების გაზრდილ
ოდენობას, რაც ხელს შეუწყობს კურორტის ცნობადობის გაზრდას
საერთაშორისო მასშტაბით. კურორტ გუდაურში ვიზიტორებს 2022-2023 წლის
სათხილამურო სეზონზე ორი ახალი საპირფარეშო დახვდება. აშენდა ორი
ახალი საოპერატორო შენობა ნაგებობა. გოდერძიზე დასრულდა ახალი
საოპერატორო შენობისა და სალაროს მშენებლობა, რომელიც 2022-2023 წლის
სეზონზე სრულყოფილად იფუნქციონირებს. ოთხივე კურორტზე (გუდაური,
ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სპეც-ტექნიკას ჩაუტარდა სარემონტო
სამუშაოები“, - აღნიშნულია გავრცელებულ იინფორმაციაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სერვისის გაუმჯობესების მიზნით,
კურორტის მომსახურე პერსონალი - საბაგიროს მემანქანე ოპერატორები,
ელექტრიკოსები, მოლარეები, მაშველები- კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით
გადამზადდნენ. ამასთან, სვანეთში ჰაწვალის მთაზე მიმდინარეობს ახალი
სათხილამურო ტრასების პროექტირება და მულახი-თეთნულდის
დამაკავშირებელი საბაგიროს კვლევითი და საპროექტო
სამუშაოები.