შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელში
შექმნილი ჯგუფ „ვეძებ“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე,
წლების განმავლობაში, სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონო
გაყიდვის ფაქტებზე.
როგორც რადიო თავისუფლებას შეატყობინეს შინაგან საქმეთა
სამინისტროდან, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე
სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს არასრულწლოვნით
ვაჭრობას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე.
31 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ექვსი საათის
განმავლობაში იმყოფებოდა ჯგუფის „ვეძებ“ ადმინისტრატორი თამუნა
მუსერიძე.
როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, სამართალდამცავებს მიაწოდა
ინფორმაცია იმ ფაქტების შესახებ, რაც მას და ჯგუფის სხვა
მოდერატორებს, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დაუგროვდათ.
ლაპარაკია ათწლეულების განმავლობაში, საქართველოში არსებული
სხვადასხვა სამშობიაროდან, ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონო გაშვილებისა
და გაყიდვის ფაქტებზე.
გარდა გასული საუკუნის 80-90-იან წლებში დაბადებული ჩვილების,
სავარაუდოდ, უკანონო გაყიდვის ფაქტებისა, თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ
მათ აქვთ ინფორმაცია 2003 წელს დაბადებული ორი ჩვილის უკანონო
გაშვილების შესახებაც.
წყარო:
radiotavisupleba.ge.