ვერტმფრენის ჩამოვარდნას ეხმაურება ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის
ჩამოვარდნის შედეგად ადამიანების დაღუპვას გამოეხმაურა საქართველოში
ევროკავშირის წარმომადგენლობა.
„საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში
სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპული ეკიპაჟის მამაცი
წევრების, მაშველებისა და მედიკოსების ოჯახებსა და მეგობრებს
უსამძიმრებს", - ნათქვამია ევროკავშირის
წარმომადგენლობის განცხადებაში.
29 ივლისს, გუდაურთან, პარაპლანით ფრენის დროს, ორი პირი კლდოვან
ფერდობზე ჩამოვარდა. ოფიციალური ცნობით, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო
სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც მართვა დაკარგა და
ჩამოვარდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ვერტმფრენში
მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ექვსი იყო შსს-ს
თანამშრომელი, ხოლო ორი - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების.
მინისტრის თქმით, პარაპლანით მფრინავი ერთი ადამიანი ცოცხალი გადარჩა,
დაშავებულია და კლინიკაში მკურნალობს. მასთან ერთად მფრინავი უცხოელი
ტურისტი კი დაიღუპა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 30 ივლისი გლოვის დღედ
გამოცხადდა.