საზოგადოება
ბიჭვინთის ანექსიის საფრთხე-აფხაზები პროტესტისთვის ემზადებიან
აფხაზური საზოგადოების მღელვარების
ფონზე, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას
მოსკოვში ჩასვლა "დაბარებად" აღიქმება და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ
ის კრემლისგან მიიღებს ახალ დირექტივებს
- როგორ გაართვას თავი ბიჭვინთის
სანაპიროს რუსეთისთვის გადაცემის პრობლემას.
ასლან ბჟანიასთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა ოკუპირებულ აფხაზეთში
კრემლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საყრდენი, დე ფაქტო საგარეო საქმეთა
მინისტრი ინალ არძინბა და ე.წ. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი
რობერტ კიუტი.
ბოლო დროს, ჩანს, რუსეთის წნეხი გაიზარდა და აფხაზეთის ლიდერების მიერ
დაპირებულ უძრავ ქონებას აფხაზეთში მივლენილი რუსეთის ახალი "ელჩიც"
ითხოვს. ძირითადი შეთანხმება საიდუმლოდ დაიდო და 2022 წლის ზაფხულამდე
აფხაზეთში არავინ იცოდა, რომ ბიჭვინთის ტერიტორიები ბჟანიას თავად
პრეზიდენტმა პუტინმა ჯერ კიდევ 2020 წელს მოსთხოვა.
პარალელურად, ბევრი რამ მიუთითებს, რომ ხალხის მღელვარების პიკი ჯერ
ისევ წინ არის - როცა, სავარაუდოდ, არდადეგებიდან დაბრუნებული ე.წ.
პარლამენტის დღის წესრიგში ისევ დადგება იმ დოკუმენტის რატიფიცირების
საკითხი, რომელიც ბიჭვინთის მიწისა თუ ზღვის საკმაოდ დიდი ნაწილის -
რუსეთისთვის გადაცემას გულისხმობს.
საქართველოს ხელისუფლება ისევ დუმს. პროტესტი ამ ეტაპზე მხოლოდ
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოხატა.
მოსკოვში
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 28 ივლისს
მოსკოვში პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, დმიტრი
კოზაკმა მიიღო.
„მხარეებმა განიხილეს აფხაზეთ-რუსეთის თანამშრომლობის საკითხების
ფართო სპექტრი და კერძოდ, იმსჯელეს ავიამიმოსვლის განახლებაზე
აფხაზეთის რესპუბლიკაში და 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური
პროგრამის განხორციელების საკითხებზე“, - ასეთია მოკლე ოფიციალური
ცნობა, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
წყარო: რადიო თავისუფლება
გააზიარეთ :