ახალი ამბები
'მბრუნავი კარის' და შესაძლო კორუფციის შემთხვევა ბორჯომის მუნიციპალიტეტში-"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა
საქართველო" ბორჯომის მუნიციპალიტეტში შესაძლო კორუფციის
შემთხვევასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს საქმე ბორჯომის საკრებულოს ყოფილ
დეპუტატს, ფირან გოგიჩაიშვილს და მის კომპანიას
ეხება.
შპს „მშენებლობა და პროექტირებას“ მფლობელი ფირან გოგიჩაშვილი
2018 წელს ბორჯომის საკრებულოში თანამდებობაზე დაინიშნა და კომპანია
ვასილ მჭედლიძეს უსასყიდლოდ გადასცა, საკრებულოს ვადის ამოწურვის
შემდეგ კი, 2022 წელს აწ უკვე ყოფილმა დეპუტატმა კომპანია უკან
დაიბრუნა. აღმოჩნდა, რომ 2018-2021 წლებში, შპს „მშენებლობა და
პროექტირებამ“ და ინდმეწარმე ვასილ მჭედლიძემ ბორჯომის
მუნიციპალიტეტის 52 სახელმწიფო შესყიდვიდან 2,203,460 ლარი
მიიღეს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პერიოდულად
იკვლევს “მბრუნავი კარის” პრაქტიკას საქართველოში. „მბრუნავი
კარი” საჯარო და კერძო სექტორებს შორის ინტერესთა კონფლიქტისა და
კორუფციის რისკების შემცველი სამსახურეობრივი გადაადგილებაა. ამჯერად
ასეთი ფაქტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში გამოვავლინეთ.
ბორჯომის საკრებულოს ყოფილი თანამდებობის პირის კომპანია
ფირან გოგიჩაშვილმა შპს „მშენებლობა და პროექტირება“ 2009 წელს
დააფუძნა და თავად იყო დირექტორიც. 2021 წლის ივლისამდე ამ კომპანიას
„წყალსადენისა და კანალიზაციის საექსპლუატაციო სამსახური“ ერქვა.
კომპანია, ძირითადად, სანიაღვრე ჭებს აკეთებს და საკანალიზაციო
სისტემები გაყავს.
ფირან გოგიჩაშვილი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსიდან” ბორჯომის საკრებულოში შევიდა, 2018
წლის 25 მაისიდან კი ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარედ
დაინიშნა.
საკრებულოში ყოფნის დროს, 2018 წლის მაისსა და ივლისში ფირან
გოგიჩაშვილმა ბორჯომის მერიის ორ ააიპ-თან, ორ შესყიდვაზე, ჯამში,
5,287 ლარის ხელშეკრულებები პირადად გააფორმა. იმავე წლის ოქტომბერში
კი კომპანია ბორჯომელ მშენებელს, ინდმეწარმე ვასილ მჭედლიძეს
უსასყიდლოდ გადასცა.
შპს „მშენებლობა და პროექტირებამ“ 2018-2021 წლებში ბორჯომის
მერიისა და მისი ააიპ-ების 880,192 ლარის ჯამური ღირებულების 11
ტენდერი მოიგო. აქედან 7 ტენდერი, 487,787 ლარზე (55.4%) -
უკონკურენტოდ, ან სხვების დისკვალიფიკაციის ხარჯზე. დეპუტატის ყოფილ
კომპანიას სამუშაოების ჩაბარების ვადა 6-ჯერ გადაუწიეს, ასევე, 6-ჯერ
გაუზარდეს ხელშეკრულებების ღირებულება, ჯამში, 36,628
ლარით.
ამავე პერიოდში, ბორჯომის მერიამ და მისმა ააიპ-ებმა შპს „მშენებლობა
და პროექტირებას“ 22 პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებაც გაუფორმეს
467,086 ლარზე.
ჯამში, ფირან გოგიჩაშვილის ბორჯომის
საკრებულოში ყოფნის პერიოდში, მისმა კომპანიამ, ბორჯომის მერიიდან და
მისი ააიპ-ებიდან 34 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო, 1,347,278 ლარზე.
საკრებულოში ვადის ამოწურვიდან თვენახევარში, 2022 წლის იანვარში,
ფირან გოგიჩაშვილმა ვასილ მჭედლიძისთვის გადაცემული კომპანია უკან
დაიბრუნა.
ყოფილ თანამდებობის პირთან დაკავშირებული ინდმეწარმის შესყიდვები
თავად ინდმეწარმე ვასილ მჭედლიძემ კი, იმ სამ წელში, როცა ფირან
გოგიჩაშვილი ბორჯომის საკრებულოში თანამდებობაზე იყო, 19 სახელმწიფო
შესყიდვა მიიღო, სულ 1,040,562 ლარზე. მათ შორის ყველა ბორჯომის
მერიიდან და მისი ააიპ-ებიდან, გარდა ერთისა - ეროვნულ სატყეო
სააგენტოსთან 184,380 ლარზე მოგებული ტენდერისა.
ვასილ მჭედლიძის სახელმწიფო შესყიდვები 2019-2021 წლებში:
მჭედლიძემ, ბორჯომის მერიასა და მის
ააიპ-ებთან, 2019-2021 წლებში, 13 მოგებული ტენდერით ხელშეკრულებები
757,644 ლარზე გააფორმა. აქედან 5 ტენდერი, 283,833 ლარზე (37.4%)
უკონკურენტოდ, ან სხვების დისკვალიფიკაციით მიიღო.
საგულისხმოა, რომ ვასილ მჭედლიძეს, ფირან გოგიჩაშვილის თანამდებობაზე
დანიშვნამდე, ბორჯომის მერიასთან, მხოლოდ 2 პირდაპირი შესყიდვა ჰქონდა
გაფორმებული 15,731 ლარზე.
სულ, 2018-2021 წლებში, ფირან გოგიჩაშვილის კომპანიას და ვასილ
მჭედლიძეს 53 სახელმწიფო შესყიდვით, 2,387,840 ლარი დაერიცხათ.
აღსანიშნავია, რომ ფირან გოგიჩაშვილი 2018 და 2019 წლების ქონებრივ
დეკლარაციებში თავისი შპს-დან მიღებულ შემოსავალს მალავს.
თანამდებობის პირი დოკუმენტებში არ უთითებს, რომ ამ პერიოდებში იგი
შპს-ს მფლობელი და დირექტორია.
ვიდრე ფირან გოგიჩაშვილი საკრებულოში თანამდებობაზე დაინიშნებოდა,
2011-2017 წლებში მისმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებით,
დაახლოებით, 3 მლნ. ლარი მიიღო, ვასილ მჭედლიძემ კი - 1 მლნ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურს, შეისწავლოს 2018-2021 წლებში, შპს
„მშენებლობა და პროექტირებას“, ასევე ინდმეწარმე ვასილ მჭედლიძის
სახელმწიფო შესყიდვები ბორჯომის მერიასთან/ააიპებ-თან და დანაშაულის
ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში იმოქმედოს კანონის
შესაბამისად.
გააზიარეთ :