10 ფაქტი ტუბერკულოზის შესახებ
24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა.
წლევანდელი სლოგანია - „მეტი ინვესტიცია ტუბერკულოზის დასასრულებლად
და სიცოცხლის გადასარჩენად!“
მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით
ერთი მეოთხედი ტუბერკულოზის ბაქტერიით არის ინფიცირებული, თუმცა, მათ
შორის მხოლოდ მცირე ნაწილს განუვითარდება დაავადება. დასუსტებული
იმუნური სისტემის მქონე ადამიანები ტუბერკულოზით დაავადების გაცილებით
დიდი რისკის წინაშე დგანან, ხოლო აივ-ინფიცირებული ადამიანისთვის ეს
რისკი 20-ჯერ უფრო მაღალია.
WHO-ს „დავასრულოთ ტუბერკულოზი“ მიზნები (END TB targets), რომელიც
ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ 2014 წლის მაისში მიიღო, წარმოადგენს
გეგმას ქვეყნებისთვის, რათა დაასრულონ ტუბერკულოზის ეპიდემია
სიკვდილობისა და ინციდენტობის შემცირებით და კატასტროფული
დანახარჯების აღმოფხვრით. სტრატეგიის გლობალური მიზანია ტუბერკულოზის
სიკვდილობის 90%-ით, ახალი შემთხვევების 80%-ით შემცირება 2015-2030
წლებისთვის და ოჯახებისთვის ტუბერკულოზით გამოწვეული კატასტროფული
დანახარჯების აღმოფხვრა.
2018 წლის 26 სექტემბერს გაეროს ეგიდით ტუბერკულოზის საკითხებისადმი
მიძღვნილი პირველი მაღალი დონის შეხვედრა ჩატარდა, სადაც მთავრობის
მეთაურებს შორის დისკუსია გაიმართა ტუბერკულოზის ეპიდემიის
იმჟამინდელი მდგომარეობისა და მისი დამარცხების გზების შესახებ.
გაეროს მაღალი დონის შეხვედრა მოჰყვა WHO-ს პირველ გლობალურ მინისტრთა
კონფერენციას ტუბერკულოზის დასრულების შესახებ, რომელსაც რუსეთის
ფედერაცია მასპინძლობდა 2017 წელს.
ფაქტი 1
2020 წელს მსოფლიოში, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დაავადდა
ტუბერკულოზით. აქედან - 5,6 მილიონი მამაკაცი, 3,3 მილიონი ქალი და
1,1 მილიონი ბავშვი. ტუბერკულოზი ყველა ქვეყანაში და ასაკობრივ
ჯგუფშია გავრცელებული. თუმცა მისი პრევენცია და განკურნება
შესაძლებელია.
ფაქტი 2
2020 წელს 1,5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა ტუბერკულოზით (მათ შორის
214,000 აივ-ინფიცირებული პაციენტი). მსოფლიოში ტუბერკულოზი არის N13
სიკვდილის გამომწვევი მიზეზი და მეორე წამყვანი ინფექციური დაავადება
COVID-19-ის შემდეგ (წინ უსწრებს აივ/შიდსს).
ფაქტი 3
2020 წელს ტუბერკულოზის ყველაზე მაღალი ტვირთის მქონე 30 ქვეყანაში
აღირიცხა ახალ შემთხვევათა 86%. რვა ქვეყანაში აღირიცხება შემთხვევათა
მთლიანი რაოდენობის ორი მესამედი, მათ შორის: ინდოეთი, ჩინეთი,
ინდონეზია, ფილიპინები, პაკისტანი, ნიგერია, ბანგლადეში და სამხრეთი
აფრიკა.
ფაქტი 4
2020 წელს მსოფლიოში 1,1 მილიონი ბავშვი დაავადდა ტუბერკულოზით.
ბავშვთა და მოზარდთა ტუბერკულოზი ხშირად ჯანდაცვის პროვაიდერების
ყურადღების მიღმა შეიძლება დარჩეს. ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვთა
დიაგნოსტიკა და მკურნალობა შესაძლებელია სირთულეს წარმოადგენდეს.
ფაქტი 5
ტუბერკულოზი აივ-ინფიცირებულ პაციენტთა სიკვდილობის წამყვანი მიზეზია.
2020 წელს ტუბერკულოზითა და აივ-ინფექციით დაავადებული 375,962
ადამიანი იყო აღრიცხული, რომელთაგან 88% ანტირეტროვირუსულ თერაპიას
გადიოდა. გამოვლენასა და მკურნალობაში ხარვეზების უმეტესობას ადგილი
ჰქონდა WHO-ს აფრიკის რეგიონში, სადაც აივ-ინფექციასთან ასოცირებული
ტუბერკულოზის ტვირთი ყველაზე მაღალია.
ფაქტი 6
მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი (MDR-TB) წარმოადგენს რეალურ საფრთხეს
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის. წამლისადმი რეზისტენტული
ტუბერკულოზით დაავადებული სამიდან მხოლოდ ერთმა პაციენტმა გაიარა
მკურნალობა 2020 წელს. არასწორი მკურნალობის გამო, ზოგიერთ
შემთხვევაში, მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის კიდევ უფრო მძიმე ფორმა
შეიძლება განვითარდეს. პრე-ექსტენსიურად მდგრადი (Pre-XDR-TB) და
ექსტენსიურად მდგრადი (XDR-TB) ტუბერკულოზი დაავადების ის ფორმებია,
რომლებიც კიდევ უფრო ნაკლებ მედიკამენტზე რეაგირებენ.
ფაქტი 7
ტუბერკულოზის არსებული მკურნალობის მეთოდებმა 2000-დან 2020 წლამდე
მსოფლიოში დაახლოებით 66 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა,
თუმცა გამოწვევად რჩება არსებითი ხარვეზები დიაგნოსტიკისა და
მკურნალობის მხრივ. ტუბერკულოზით დაავადებულთა მკურნალობის წარმატების
მაჩვენებელი 2019 წელს 86% იყო.
ფაქტი 8
გლობალურად, ტუბერკულოზის შემთხვევები წელიწადში დაახლოებით 2%-ით
იკლებს (1.9% - 2019 წლიდან 2020 წლამდე). ეს პროგრესი ბევრად უფრო
ნელია, ვიდრე ის 4-5%-იანი წლიური კლება, რომელიც საჭიროა WHO-ს 2020
წლის „დავასრულოთ ტუბერკულოზის“ სამიზნეების მისაღწევად.
ფაქტი 9
2020 წელს ტუბერკულოზით დაავადებული სავარაუდო 9.9 მილიონი
ადამიანიდან მხოლოდ 5.8 მილიონი შემთხვევა იქნა გამოვლენილი და
აღრიცხული, რამაც გამოიწვია სხვაობა 4.1 მილიონი შემთხვევით.
ტუბერკულოზის ეპიდემიის დასრულება 2030 წლის მდგრადი განვითარების
ჯანმრთელობის მიზნებს შორისაა.
ფაქტი 10
ტუბერკულოზის დაფინანსება პრევენციის, დიაგნოსტიკური და სამკურნალო
სერვისების მიწოდების თვალსაზრისით 2010 წლიდან 2019 წლამდე გაიზარდა,
მაგრამ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ხარჯები
შემცირდა 5.8 მილიარდი აშშ დოლარიდან 2019 წელს 5.3 მილიარდ აშშ
დოლარამდე 2020 წელს. ეს ბევრად ჩამოუვარდება მიზანს (13 მილიარდ აშშ
დოლარი წელიწადში 2022 წლისთვის), რომელიც დადგინდა ტუბერკულოზის
გარშემო გაეროს მაღალი დონის პირველ შეხვედრაზე. კვლევებისა და
განვითარებისთვის ყოველწლიურად სულ მცირე დამატებით 1,1 მილიარდი აშშ
დოლარია საჭირო ახალი ინსტრუმენტების შემუშავების დასაჩქარებლად.