წელს საქართველომ ტურიზმიდან შესაძლოა, 825 მლნ დოლარის შემოსავალი დაკარგოს
საინვესტიციო კომპანია
Galt&Taggart-მა ტურიზმის შესახებ განახლებული მიმოხილვა
გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია,
რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
საქართველოს 2022 წელს ტურიზმიდან მისაღები შემოსავლების მოცულობა
შეუმცირდება. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ომის მოკლევადიან
პერიოდში დასრულების შემთხვევაში 2022 წელს ტურიზმიდან შემოსავლები
2019 წელთან მიმართებით 75%-ით აღდგება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ომი
შედარებით გაიწელა, მაშინ წელს შემოსავლების აღდგენის დინამიკა მხოლოდ
60% იქნება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ომის დაწყებამდე
საინვესტიციო კომპანია წელს ტურიზმიდან შემოსავლების 85%-ით აღდგენას
პროგნოზირებდა.
რაც შეეხება გასული წლების მონაცემებს, უნდა აღინიშნოს, რომ
2019 წელს საქართველო ტურიზმიდან 3,3 მლრდ აშშ დოლარის
შემოსავალი მიიღო, რაც ჩვენი მთლიანი ეკონომიკის 18.7%-ს
შეადგენდა.
2021 წელს ცხადია ეს მაჩვენებელი შემცირდა და შემოსავლის სახით
საქართველომ მხოლოდ 1,2 მლრდ აშშ დოლარი მიიღო - ჩვენი ეკონომიკის
6.4%.
შესაბამისად გამოდის, რომ ომის მოკლევადიან პერიოდში დასრულების
პირობებში წელს საქართველო ტურიზმიდან 2,475 მლრდ აშშ დოლარი
შემოსავალს მიიღებს, ხოლო ომის გაჭიანურების პირობებში - მხოლოდ 1,98
მლრდ აშშ დოლარს. შეგახსენებთ, რომ ომის არარსებობის პირობებში
საქართველოს წელს ტურიზმიდან 2,805 მლრდ დოლარის შემოსავალი უნდა
მიეღო.
წყარო: BPN