ახალი ამბები
10 ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ - სამოქალაქო სექტორის ინიციატივა
სამოქალაქო საზოგადოებამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი მომდევნო 10 ნაბიჯი წარადგინა. ამის შესახებ ინიციატივაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. როგორც ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, განაცხადის გაკეთების შემდეგ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

სულ 31 ხელმომწერია. მათ მიაჩნიათ, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება და წევრობა საქართველოსთვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური სიკეთეების და უსაფრთხოების გაძლიერების წინაპირობებს შექმნის.


სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას ურჩევს:

1. შეიმუშაოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული სტრატეგია და შექმნას მისი მონიტორინგის ქმედითი მექანიზმი, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი;

2. განახორციელოს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებით, „მომავლის გზა საქართველოსთვის“(ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება), გათვალისწინებული დემოკრატიული რეფორმები;

3. გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველო-ევროპის კავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის დროულად მისაღებად და დაიწყოს მისი ეფექტიანი იმპლემენტაცია;

4. გაწიოს სათანადო დიპლომატიური ძალისხმევა, ევროკომისიის მხრიდან ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის მიღების დასაჩქარებლად;

5. მობილიზება გაუკეთოს შესაბამის ადამიანურ, ფინანსურ და ტექნიკურ რესურსს (მათ შორის შექმნას შესაბამისი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი და/ან შესაბამისი უწყება), რათა მოხდეს კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის დროული და სრულყოფილი შევსება და ევროპის კავშირისთვის წარდგენა;

6. ახალი რეალობის გათვალისწინებით, ცვლილებები შეიტანოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულებაში, გააქტიუროს და უფრო ეფექტიანი გახადოს მისი მუშაობა, რაც კითხვარზე პასუხების მომზადების პროცესში სამუშაო ჯგუფების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს;

7. გახადოს პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური. ჩამოაყალიბოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სფეროს ექსპერტები და ექნება საკონსულტაციო ორგანოს სტატუსი. საბჭო ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესის კოორდინაციასა და მონიტორინგს;

8. განიხილოს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებების, იურიდიულ და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეების, ასევე ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის პოსტების ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაკავების შესაძლებლობა, რათა გაიზარდოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობა;

9. პეტრას ციხის (ასოცირების ტრიო - მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) დეკლარაციის შესაბამისად, ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რათა, ერთი მხრივ, გაძლიერდეს ტრიოს თანამშრომლობის ფორმატი, დარეგულირდეს ურთიერთობები უკრაინასთან და, მეორე მხრივ, ჩამოყალიბდეს ტრიოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი სამიტი;

10. უზრუნველყოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესთან დაკავშირებული მოლოდინების მართვა და აწარმოოს შესაბამისი შიდა და საგარეო კომუნიკაცია.


ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკური განვითარება პოლიტიკური ძალებისათვის კონსოლიდირების და პოლარიზების დასრულების წინაპირობა უნდა გახდეს.



განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

ღია საზოგადოების ფონდი;
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI);
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ასოციაცია (ISFED);
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD);
უფლებები საქართველო;
საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS);
მედიის განვითარების ფონდი (MDF);
მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG);
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD);
რონდელის ფონდი;
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
საფარი;
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT);
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
ლიბერალური აკადემია თბილისი (LAT);
დემოკრატიის ინდექსი-საქართველო;
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი;
სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია;
საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP);
ღია სივრცე კავკასია (COS);
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
სამოქალაქო იდეა;
მწვანე ალტერნატივა.


შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წლის 3 მარტს გააკეთა ქვეყნის ევროპის კავშირში გაწევრების განაცხადი.

2022 წლის 10 მარტს, საფრანგეთში გამართულ ევროპის კავშირის ლიდერთა სამიტზე, ევროკომისიას ეთხოვა საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით შეფასების მომზადება, რის საფუძველზეც, შესაძლოა, მას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.