ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამის
ფარგლებში უფასოდ მისაღები მედიკამენტების სია გაიზარდა.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის თამარ მელიქიძის
განცხადებით, გარკვეულ მედიკამენტზე დეფიციტი შეიქმნა, რის გამოც
საჭირო გახდა ალტერნატიული მედიკამენტების დამატება. მისივე თქმით,
ძირითადი პრობლემა ეპილეფსიის მედიკამენტებზე იყო.
„პროგრამის ყველა მიმართულებას აქვს თანხობრივი ლიმიტები.
დანართის ცვლილების აუცილებლობის მიზეზი გახდა ის, რომ გარკვეული
მიმართულებით მედიკამენტების დეფიციტი გაჩნდა და არა ის, რომ
ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა იყო. ჩვენ დავიწყეთ სააფთიაქო
ქსელებთან თანამშრომლობა, რომ იმ მედიკამენტების ალტერნატივა
მოგვენახა, რომელიც დეფიციტში ჩაჯდა, შემდეგ ეს ალტერნატივა
გაგვეტარებინა ექსპერტების ჭრილში, თუ რამდენად მისაღები იყო, ასევე
შეგვედარებინა ხარისხთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე და
შევჯერებულიყავით. ამის გათვალისწინებით, შევთანხმდით გარკვეული
მედიკამენტების დამატებაზე.
ძირითადი პრობლემა ეპილეფსიის მედიკამენტებზე იყო. შედეგად, ჩვენ
დავამატეთ ეპილეფსიის ჯგუფისთვის სხვადასხვა დოზის მედიკამენტი
„ეპიქსი“. ასევე ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებისთვის ორი
სხვადასხვა დოზის მედიკამენტიც. მინდა გითხრათ, რომ ახალ
მედიკამენტებზე გამოწერა მიდის, რეცეპტები იწერება.
არის მეორე პრობლემა, რასაც წლიური ლიმიტი ჰქვია. ამ მიმართულებით
ვმუშაობთ პოლიტიკის დეპარტამენტთან, რომ ლიმიტი გადაიხედოს. წლიური
ლიმიტი წინა წლების მიხედვით დაითვალა და შესაბამისად, დასჭირდა
კორექტირება. თითოეული ჯგუფისთვის წლიური თანხობრივი ლიმიტია
განსაზღვრული. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ალბათ, რაღაც კორექტირებას
ამ მიმართულებით შევიტანთ“,- აღნიშნავს მელიქიძე.
მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://nha.gov.ge/ge/c/medicines