საზოგადოება
გამოვლენილი დარღვევები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე-არასამთავრობოები
მიუხედავად იმისა, რომ არსებული კანონმდებლობა და ბოლო პერიოდში ჩატარებული საარჩევნო რეფორმა საქართველოში მაღალი დემოკრატიული ხარისხის არჩევნების ჩატარების საშუალებას გვაძლევდა, სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის არასაკმარისმა პოლიტიკურმა ნებამ დაგვაკარგვინა ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა,- ამის შესახებ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს 16 ორგანიზაცია აწერს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღესთან მიმართებაში კვლავაც აქტუალურია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლებების, საჯარო მოხელეების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებისა და ზეწოლა-მუქარის ფაქტებთან დაკავშირებული პრობლემები.

„ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესში ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გამოვლენილი დარღვევები ცალსახად ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, საარჩევნო პროცესისა და შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა, ამ დარღვევებს შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.

სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღესთან მიმართებაში კვლავაც აქტუალურია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლებების, საჯარო მოხელეების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებისა და ზეწოლა-მუქარის ფაქტებთან დაკავშირებული პრობლემები. სახეზეა, მმართველი პარტიის გამოკვეთილი ფინანსური უპირატესობა, რისი მიღწევაც, მათ შორის, სავარაუდო კორუფციული სქემების მეშვეობით ხდება შესაძლებელი. სამართალდამცავი ორგანოები ხშირ შემთხვევაში არ რეაგირებენ კონკრეტული კანონდარღვევის ფაქტებზე. უმრავლეს შემთხვევაში, მათ მიერ პროაქტიულად ინიცირებული გამოძიებები საარჩევნოდ მოტივირებულია და არჩევნების დღეს ამომრჩევლების ემოციებით მანიპულირებისკენ არის მიმართული. საარჩევნო ადმინისტრაციის ცალკეულ მოხელეთა ქმედებები საფუძვლიან კითხვებს აჩენს მათი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის თაობაზე. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტები არ არიან მიმართული პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ და ზღვარი მმართველ პარტიასა და მთავრობას შორის, ფაქტიურად, წაშლილია.

დღეს საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა უკიდურესად დაბალია. ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის, სასამართლო მმართველი ძალის პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარება. ასეთ პირობებში სულ უფრო რთულდება, რომ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კანონისმიერი რეაგირება მოყვეს არჩევნების დროს ჩადენილ დარღვევებს და ობიექტურად განისაზღვროს საარჩევნო პროცესზე მათი გავლენის ხარისხი. მმართველმა პარტიამ პოლიტიკური კრიზისების არცერთ ეტაპზე არ გამოხატა რეალური ნება ძალაუფლების გაზიარებასთან დაკავშირებით. 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლაც ამის აშკარა მაგალითია. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადებები მიუთითებენ მათ საპირისპირო განწყობაზე, რომ არ დაუშვან რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტის მათი პოლიტიკური კონტროლიდან გასვლა. ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარისხი და შედეგები ამ გაცხადებული მიზნის აშკარა დადასტურებაა.

სამწუხაროა, რომ დაბალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები საზოგადოებაში პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების მიზეზი შეიძლება გახდეს. ამ ვითარებაში გართულდება საზოგადოებაში ერთობის შენარჩუნება და მოვლენების განვითარება შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირების მიმართულებით წავიდეს. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას შეცვალოს არსებული პოლიტიკა და საზოგადოების დაყოფის ნაცვლად, მისი გაერთიანებისაკენ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. არსებული პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, შეუძლებელია ქვეყნის წინსვლა და განვითარება. სწორედ, ხელისუფლების ხელშია დღეს საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი, რომლის პერსპექტივაც არსებული პოლიტიკის პირობებში სულ უფრო ბუნდოვანი ხდება,“- ნათქვამია განცხადებაში.

მას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“;

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED“;

„ღია საზოგადოების ფონდი – OSGF“;

„მედიის განვითარების ფონდი – MDF“;

„კონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი – EPRC“;

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI“;

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR“;

„საფარი“;

„საზოგადოება და ბანკები“;

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“;

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS“;

„მწვანე ალტერნატივა“;

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“;

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“;

„ცენტრი ემპათია“;

„საქართველოს გაეროს ასოციაცია“.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.