წინანდალში მკვლელობის საქმეზე ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური დააკავეს
წინანდალში სამი ადამიანის
მკვლელობის საქმეზე ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. იგი
განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.
სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან
დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით,
რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული
პირიც დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე
დადგენილია, რომ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს
შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ
დაპირისპირებაში გადაიზარდა.
აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვ.ც.-მ ამჟამად
ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული
ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში
მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნ.კ.-ის მხრიდან, ასევე ცეცხლსასროლი
იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.
მათივე ინფორმაციით, ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად,
ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვ.ც., 1976 წელს დაბადებული ზ.ზ.,
1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. დაიჭრა.
მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე
გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო
დახმარება ჩაუტარდათ.
შსს-ს ინფორმაციით, „გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი
დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა
ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზ.ზ.-მაც, რა დროსაც სასიკვდილოდ
დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ.“
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - "სტეჩკინის" ტიპის პისტოლეტი
და "საიგას" ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი
ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას
ითვალისწინებს.