მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.
ტაძრებში ამ დღეს სადღესასწაულო
ლიტურგია სრულდება.
რელიგიური ლიტერატურის თანახმად, ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო
დღესასწაულია.
სახარების თანახმად, ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ
კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის
სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.
წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა
ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ
მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. "გიხაროდენ,
მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და
კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა... და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო
და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ".
ახალი აღთქმის თანახმად, ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი
დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოირჩია.
საეკლესიო სწავლების მიხედვით, რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ადამიანთა
დაცემისათვის, იმავე იარაღით იხსნა კაცობრიობა ქრისტემ - თუ ევას
საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მოუტანა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი
სიხარული მოუვლინა.