წუხანდელი ზღვარგადასული რეაქცია დააზიანებს უცხოური ვალუტის ნაკადს _- გიორგი კვირიკაშვილი
ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს და იმ
პროტესტს, რაც რუსი ჟურნალისტის თბილისში ჩამოსვლას მოჰყვა, ყოფილი
პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება.
კვირიკაშვილი ვითარებას პოლიტიკურის გარდა, ეკონომიკურ ჭრილში
განიხილავს.
,,უცხოურ ინვესტიციებში არსებული მნიშვნელოვანი ჩავარდნის ნაწილობრივ
მაინც დასაკომპენსირებლად მთავრობას გააჩნია ერთადერთი მოკლევადიანი
ინსტრუმენტი - ტურიზმი, ვინაიდან ექსპორტზე ზეგავლენა მოკლე ვადაში
პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო ფულადი გზავნილების რაოდენობაზე
მთავრობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. პრივატიზაციის გზით
ინვესტიციების მიღებაც არსებულ სიტუაციაში ურთულესი ამოცანაა. მეხუთე,
არამატერიალურ ფაქტორს რაც შეეხება, მოსახლეობის ოპტიმიზმშიც ვერ
გვაქვს საქმე კარგად.
დარჩა ტურიზმი, რომლის დაბრუნებაც პანდემიამდელ მაჩვენებელზე
გლობალური გამოწვევაა; იმ მწირი დებეტიდან, რაც საქართველოს ტურიზმში
შემორჩა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ
ქვეყნებიდან, ვისთანაც სახმელეთო საზღვარი გაგვაჩნია. ამ ოთხი
ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთაგან ტურისტის პროპორციული შემადგენელი
ყველაზე მაღალი რუსეთიდან გვაქვს. ეს ყველაფერი მშრალი ფაქტებია.
შესაბამისად, წუხანდელი საღამო და ის ზღვარგადასული რეაქცია, რაც
ვიხილეთ, გარდაუვალად დააზიანებს დარჩენილთა შორის ვალუტის
შემოდინების იმ უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა
მიგვეღო რუსეთიდან უმეტესად სახმელეთო, და ასევე საჰაერო გზით
შემოსული ტურისტებისგან.
სამწუხაროდ, შედეგი სავალალო იქნება: საქართველოს გაჭირვებული
მოსახლეობისთვის (არა მარტო მათთვის, ვინც ტურიზმით პირდაპირ თუ
ირიბად სარგებლობს) ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება",
- წერს კვირიკაშვილი.