საზოგადოება
1-ლი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით გადაადგილებისთვის მანქანის მფლობელი დაჯარიმდება
პირველი აპრილიდან ძველი სანომრე
ნიშნით ავტომობილის გადაადგილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა
იქნება და მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.
შესაბამის ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტო ავრცელებს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტომ 2014 წლიდან დაიწყო ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემა
და მაშინვე გამოცხადდა ნომრების შეცვლის ბოლო ვადა — კონკრეტული
თარიღი 2020 წლის სექტემბერი, თუმცა კორონავირუსის გავრცელების
პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე ეს ექვსწლიანი ვადა
გახანგრძლივდა და მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით განისაზღვრა.
"ვინაიდან, ქვეყნის მასშტაბით, მიმოქცევაში დარჩენილი იყო დიდი
რაოდენობით ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, მომსახურების სააგენტომ
არაერთხელ მოუწოდა შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს,
დროულად მიემართათ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისთვის.
მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე, არაერთხელ მოხდა, საზოგადოების
ინფორმირება, რომ ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო
ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო
საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და
დათვალიერება", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გააზიარეთ :