საზოგადოება
ქართული დიასპორა უფრო ფართოა და აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების ყველა სფეროს საქმიანობაში - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს „ქართული დიასპორის ეკონომიკური “ ფორუმი გახსნა,
ონლაინფორმატში გამართული ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დიასპორასთან ურთიერთობების შენარჩუნება და მისი გაძლიერების ხელშეწყობაა,
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ვმასპინძლობ და ვხსნი ამ ფორუმს! 100 წლის წინ, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სფეროს მნიშვნელოვანი წარმომადგენლები საბჭოთა ტირანიას გაექცნენ და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია შექმნეს. მათ შორის იყვნენ ჩემი მშობლებიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი წასვლა კაპიტულაცია არ ყოფილა. ეს იყო საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების შენარჩუნების და დემოკრატიულ სამყაროში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გაგრძელება.
მათ მიერ საქართველოს ინტერესების მუდმივმა ადვოკატირებამ ჩამოაყალიბა ძლიერი და ენერგიული საზოგადოება ევროპაში და ამერიკაში, რომელიც დღემდე აქტიურია.
დღეს, 100 წლის შემდეგ, ქართული დიასპორა უფრო ფართოა და აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების ყველა სფეროს საქმიანობაში - მწერლებს, კომპოზიტორებს, მოცეკვავეებს, მსახიობებს, ბიზნესმენებს, დიზაინერებს, მეცნიერებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, სპორტსმენებს სამშობლოსადმი სიყვარული აერთიანებთ. თითოეული თქვენგანი ჩვენი ერის ელჩია და თქვენი სახელი და წარმატება თითოეულ ჩვენგანზე აისახება.
ჩემი პრეზიდენტობის პერიოდიდან, ჩემს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ჩვენს დიასპორასთან ურთიერთობების შენარჩუნება და გაძლიერება დავისახე. თითოეულ ქვეყანაში, რომელსაც ვესტუმრე, შევხვდი ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტებს, იმისათვის, რომ დაგვენახა ემიგრაციასა და სამშობლოს შორის არსებული კავშირების გამყარების გზები.
პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდე, რომ იმუშაონ საპარლამენტო წარმომადგენლობაში დიასპორის ჩართულობის საკითხზე. სულ რაღაც ორი დღის წინ, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისათვის ვადა ორი წლით გაახანგრძლივა.
მრავალი წლის განმავლობაში სწორედ ჩემი თაოსნობით მიმდინარეობდა მუშაობა ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რისი ინიცირებაც ჩემი დეპუტატობის პერიოდში მოხდა. დღესაც, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო უწყებებთან ერთად განვაგრძობ ამ საკითხებზე ვაგრძელებ მუშაობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ გავამარტივოთ მოქალაქეობის მიღების პირობები.
COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ მთელ მსოფლიოზე იქონია გავლენა. ახლა, როგორც არასდროს, არსებული სიტუაციის გადასალახად მნიშვნელოვანია სოლიდარობა. პანდემიამ პრიორიტეტებიც შეცვალა, ყოველ შემთხვევაში, დროებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ კრიზისის შესაძლებლობად გარდაქმნის გზები. თუ ერთად ვიმუშავებთ, საქართველო პანდემიის შემდგომი გლობალიზაციის კონფიგურაციის ცვლილებით სარგებელს მიიღებს.
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს დადებული მსოფლიოს უდიდეს ბაზრებთან - ევროკავშირიდან ჩინეთამდე. მსგავს შეთანხმებაზე მიმდინარეობს მუშაობა ინდოეთთან, აშშ-სთან, სამხრეთ კორეასთან და სხვა ქვეყნებთან. ჩვენი რეგიონი აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს და კომუნიკაციისა და ვაჭრობის ჰაბს წარმოადგენს. საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუნძულია.
პანდემიის მიუხედავად ქართველი ხალხი მტკიცეა და მიუხედავად გლობალური ეკონომიკური ვარდნისა, საქართველოს ეკონომიკა, რომელსაც ათასობით კრეატიული სტარტაპი აქვს და უამრავი ახალგაზრდა ინოვატორი მეწარმე ჰყავს, კვლავ აღდგება თქვენი მონაწილეობით.
დიასპორის მხრიდან ინვესტიციების განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი და გარკვეულწილად სოლიდარობის მაჩვენებელია.
საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირება პატრიოტიზმის გამოხატულებაა, რაც ამავდროულად ხელს უწყობს მრავალფეროვანი და მზარდი ეკონომიკის განვითარებას. მას შემდეგ, რაც პანდემია მინელდება და მსოფლიო თავის აქტიურ რიტმს დაუბრუნდება, მე განვაგრძობ შეხვედრებს როგორც დიასპორის წევრებთან, ასევე პოტენციურ ინვესტორებთან, დიასპორათა ისეთი წარმომადგენლობებიდან, როგორიც თქვენ ხართ, რათა ხელი შევუწყო თქვენნაირი ინვესტორების ჩართულობას საქართველოს რეგიონულ და ეროვნულ განვითარებაში.
კონფერენციის მონაწილე სააგენტოები დღეს საქართველოში ინვესტირების უპირატესობებსა და სტრატეგიებს წარადგენენ. ჩემი ადმინისტრაცია მათთან ერთად უკვე მუშაობს, რათა მოხდეს პირდაპირი კავშირების გაბმა ე.წ. მილსადენის შექმნა ,,ინვესტორი - ეკონომიკამდე“ და ინვესტორები უშუალოდ დაუკავშირდნენ სტარტაპებს.
კიდევ ერთხელ მივესალმები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ფორუმს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით იმართება.
ამგვარი შეკრება პირველია, თუმცა ველი უფრო მეტ ღონისძიებებს, არა მხოლოდ ონლაინფორმატში.
ვიმედოვნებ, რომ მსოფლიოს ხელახლა გაიხსნის შემდეგ მსგავს ფორუმებს ვუმასპინძლებ არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რათა ხელახლა აღმოაჩინოთ საქართველო და მისი უდიდესი პოტენციალი“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმის მონაწილეებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.