საზოგადოება
რა პირობებით დასაქმდებიან ქართველები გერმანიაში
18 თებერვლის მდგომარეობით სააპლიკაციო ფორმა - დროებითი დასაქმება გერმანიაში - 65 821-მა პირმა შეავსო.
საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში დროებით დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ. საუბარია სეზონურ, მაქსიმუმ, სამი თვის ვადით სამუშაოზე სოფლის მეურნეობაში. სამუშაოები გერმანიაში 1-ლი აპრილიდან იწყება.

სსიპ "დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს" ინფორმაციით, 18 თებერვლის მდგომარეობით სააპლიკაციო ფორმა - დროებითი დასაქმება გერმანიაში - 65 821-მა პირმა შეავსო.

ნინო ველთაური, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი:

- რეგისტრაცია სტანდარტულად მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პირადი ინფორმაციის შევსებას: პირადი ნომერი, გვარი, მამის სახელი, იურიდიული მისამართი და მობილურის ნომერი.

დასაქმების მსურველი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აქ ცხოვრობს, ასევე, 18-დან 60 წლამდე, დეპორტირებული არ უნდა იყოს და არ უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დარღვევა. სასურველია ჰქონდეს სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება, საჭიროა, უცხო ენის საბაზისო ცოდნაც. დამსაქმებლები თანახმა არიან დასაქმებულთა ჯგუფში იყოს ენის მცოდნე ერთი პირი, რომელიც მას კომუნიკაციაში დაეხმარება.

რეგისტრაციის შემდეგ სამუშაოს მაძიებელს თავისი უნიკალური კოდი ენიჭება. განაცხადების დამუშავების შემდეგ რეგისტრირებულ აპლიკანტებს, რომლებიც პირველად მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებში გასაუბრებასა და კონსულტაციაზე დაიბარებენ, თუ რას ნიშნავს გერმანიაში დროებითი შრომითი მიგრაცია, რომ ეს დროებითია და თუ ნაკისრი შრომითი ურთიერთობები პირნათლად შესრულდება, მომავალ წელს დასაქმების სქემაში იმ პირის ჩართვა, ვინც დასაქმების სურვილს გამოხატავს, კიდევ უფრო გამარტივდება.

გერმანული მხარის პოზიციით, სავსებით შესაძლებელია მომავალ წელს დამსაქმებლებმა ის მოქალაქეები მოითხოვონ, რომელთაც კეთილსინდისიერად იშრომეს.

შესაძლოა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის პირდაპირი კავშირიც შეიქმნას. ისიც შესაძლებელია, ხშირი მიმოსვლა რომ არ მოუწიოთ, მათ უშუალოდ ვაკანსიების შემოსვლის შემდეგ დავუკავშირდეთ.

- ამ დროისთვის ვაკანსიები არის?

- ჯერჯერობით არა, მაგრამ ველით, რომ ახლო მომავალში დაიწყება და სამუშაოს მაძიებელი თავად აირჩევს სამუშაო ადგილს და კონკრეტულ ვაკანსიაზე თანხმობის შემდეგ შეავსებს სპეციალურ სააპლიკაციო ფორმას, რომელსაც ქართულ მხარეს გერმანიის დასაქმების სააგენტო მიაწვდის, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას უკვე გერმანიაში დამსაქმებელი მიიღებს.

- მგზავრობის ხარჯს ვინ ფარავს?

- მგზავრობის ხარჯებს დასაქმებული ფარავს. ამასთან, დასაქმების მსურველმა გამგზავრებამდე 72 საათით ადრე უნდა ჩაიტაროს კორონავირუსზე PCR-ტესტი. ამის შემდეგ მას გერმანიაში, აეროპორტში ხვდება დამსაქმებლის წარმომადგენელი, რომელიც მის სამუშაო ადგილამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

ერთ საათში მინიმალური ხელფასია 9.5 ევრო, აქედან 5% არის საშემოსავლო გადასახადი. ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯს დამსაქმებელი ფარავს. დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულის საცხოვრებელი პირობები სამუშაო ადგილთან ახლოს, თუმცა ქირის საფასურს დასაქმებული იხდის. შეიძლება კვების ხარჯი დამსაქმებელმაც გასწიოს, მაგრამ მას შემდგომ დასაქმებული ფარავს.

კოვიდინფექციის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოდან გამგზავრებული ჯგუფი პირველი ათი დღის განმავლობაში სხვა ჯგუფებისგან განცალკევებულად იმუშავებს. სამუშაო საათები დღის განმავლობაში 8 საათია, შეთანხმების შემთხვევაში შესაძლოა იყოს 10 საათიც.

- დასაქმებულმა უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ვის უნდა მიმართოს?

- გერმანიის დასაქმების სააგენტო სრულად უზრუნველყოფს, რომ სახელშეკრულებო პირობები შესრულდეს. ორივე სახელმწიფოს მხრიდან სრული მზადყოფნაა, რომ ამ სქემამ იმუშაოს.

არსებობს რისკი, რომ ვიღაც სამთვიანი ვიზის დარღვევას შეეცდება, ამიტომ მათ გასაგონად მინდა ვთქვა, მათი ჩანაფიქრი ყველა შემთხვევაში ცუდად დასრულდება, რადგან ჩვენთვის ცნობილია ამ პირთა მონაცემები და მისი მოძიება ადვილი იქნება, რაზეც გერმანული მხარე, შრომის ფედერალური სააგენტო იზრუნებს და მას ელის დეპორტირება. ეს კი ნიშნავს, რომ ეს პირები ამ სქემაში ვეღარასდროს ჩაერთვებიან.

- რეგისტრაციის მსურველთა კვოტა ლიმიტირებულია?

- ეს წელი გერმანული მხარისთვისაც საპილოტეა: 70-იანი წლების შემდეგ მათ მსგავსი კოორდინირებული შრომითი მიგრაციული სქემები არ ჰქონიათ. ამიტომ ამ ეტაპზე კონკრეტულ ციფრებს ვერ გვეუბნებიან. როდესაც დრო გავა, დინამიკაც გამოიკვეთება და უფრო მარტივი იქნება პროგნოზების გაკეთებაც.


წყარო: კვირის პალიტრა
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.