ახალი ამბები
„ტელეფონი არ ჩერდება, იმდენი ზარი შემოდის“ - დავით კიკაძე
ალბათ გახსოვთ, გასულ კვირას
გიყვებოდით ბორჯომში "სიკეთის ვირუსის" შესახებ.
გაგაცანით ის ადამიანები, რომლებიც
სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ, საკუთარ ქალაქში შეჭირვებული ოჯახების
დახმარებას. მულტიმედია მასალა, ტელეკომპანია "ბორჯომის" ვებ-გვერდსა
და ფეისბუქის გვერდზე, 29 იანვარს გამოქვეყნდა. მას შემდეგ, სოციალურ
ქსელში, მომხმარებლების მხრიდან მასალას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ბორჯომელების დახმარებას ცდილობდა, ტაქსის
მძღოლი დავით კიკაძეა. ვისაც გადაადგილება უჭირს, წამლებით, პროდუქტით
ამარაგებს და ბორჯომელებს საკუთარი ავტომობილით ემსახურება.
შეჭირვებულებს, მგზავრობის ფულს არ ახდევინებს. შეღავათიან ფასად
მიჰყავს მგზავრები ქალაქგარეთ.
დავით კიკაძეზე გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში, Facebook-ზე
ყველაზე პოპულარულებში მოხვდა. ერთი კვირის წინ გამოქვეყნებული ვიდეო
188 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. მოიწონა 7000-მდე მომხმარებელმა,
მოჰყვა 600-ზე მეტი გაზიარება და 400-ზე მეტი „კომენტარი“.
დავით კიკაძე ამბობს, რომ ტელეკომპანია „ბორჯომის“ ვიდეოს
გამოქვეყნების შემდეგ, მისი მობილური, სატელეფონო ზარებისგან არ
ჩერდება. უამრავი ადამიანი უკავშირდება და სთხოვს გადაადგილებას და
დახმარებას. აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ადამიანების უმრავლესობას
დახმარების თხოვნა ერიდება და რცხვენია.
„ტელეფონი თითქმის არ ჩერდება, ბევრი რეკავს. დახმარების
თხოვნა შედარებით რცხვენიათ. ძალიან დადებითად მიიღო საზოგადოებამ ეს
ვიდეო. როცა რეკავენ, პირდაპირ დახმარებას არავინ მთხოვს, თითქოს უკვე
რაღაც გავუკეთე, ისე მადლიერები მელაპარაკებიან. ძირითადად, თბილისში
წაყვანა-წამოყვანას მთხოვენ და შეღავათიან ფასად დამყავს, ვიცი ყველას
უჭირს...
ყველას უჩნდება სურვილი, სხვებს დაეხმაროს რითიც შეძლებს. ჩვენ ყველას
ხომ შეგვიძლია ვაკეთოთ სიკეთე, ვიზრუნოთ სხვებზე და ერთმანეთის
თანადგომით, დარწმუნებული ვარ, ბევრს შევძლებთ.
ზოგადად, ადამიანები დახმარებას არ გვთხოვენ. რცხვენია, ერიდებათ, ასე
რომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ ისინი და დავეხმაროთ როგორც შევძლებთ.
ჩემთან, სატელეფონო ზარების რაოდენობამ მოიმატა კიარა ალბათ
გაათმაგდა. არ ვწუხდები არაფრით, ნეტა შემაძლებინა უფრო მეტი, ამით
უფრო ბედნიერი ვიქნები“ - ამბობს დავით კიკაძე.
ამავე თემაზე:
"სიკეთის ვირუსი" ბორჯომში
დავით კიკაძე - სიკეთით "ინფიცირებული"
ბორჯომიდან
გააზიარეთ :