საზოგადოება
არანაირი კირმინალური სუბკულტურა ციხეში არ არსებობს - პენიტენციური სამსახური
სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში არანაირი კრიმინალური სუბკულტურა არ არსებობს. უწყებამ ლომჯარიას ნათქვამს აბსურდული ბრალდებები უწოდა და თქვა, რომ უწყების ხელმძღვანელობას არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ზეგავლენა მოახდინოს პატიმრების განწყობაზე ომბუდსმენის მიმართ.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ომბუდსმენის წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს ციხის ადმინისტრაციის მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ პრობლემები.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სამსახურის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის განხორციელებას. ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, ომბუდსმენის წარმომადგენლებს არ შექმნიათ პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლის და მონიტორინგის განხორციელების პრობლემა. რაც შეეხება მათზე თითქოსდა ორგანიზებულ თავდასხმებს პატიმრების მხრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ უწყების ხელმძღვანელობას არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ზეგავლენა მოახდინოს პატიმრების განწყობაზე ომბუდსმენის, ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუციისა და კერძო პირის მიმართ. თუკი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული, ან მით უმეტეს მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ. უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლები მაქსიმალურად იცავენ ომბუდსმენის წარმომაგენლების უსაფრთხოებას და იმედია, ამას თავად ეს პირებიც ვერ უარყოფენ.
ასევე არ აქვს პენიტენციურ სამსახურს არანაირი ბერკეტი იმისა, რომ პატიმრების მიერ ომბუდსმენის აპარატისადმი მიმართვიანობაზე მოახდინოს გავლენა, ვინაიდან პატიმრები თავისუფალი მიმოწერის და სატელეფონო კომუნიკაციის უფლებით სარგებლობენ (ცალკეული გამონაკლისების გარდა, რაც კანონმდებლობით რეგულირდება) და პენიტენციური დაწესებულებები ადრესატისთვის პატიმრების წერილების გაგზავნას უზრუნველყოფენ. შესაბამისად, თუკი ომბუდსმენთან პატიმრების მხრიდან მიმართვიანობამ იკლო, სავარაუდოა, რომ ეს ისევ და ისევ ომბუდსმენის აპარატისადმი მათი განწყობით აიხსნება და არა რაღაც არარსებული ზეგავლენით ადმინისტრაციის მხრიდან.
ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ არანაირი კრიმინალური სუბკულტურა პენტიენციურ დაწესებულებებში არ არსებობს. პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც მოისურვებენ სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას, ნახევრადღია პენიტენციური დაწესებულებებიდან გადაჰყავთ დახურულ დაწესებულებებში, სადაც ისინი სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან. ამას არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის N395 ბრძანება ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“, რომლის შესაბამისად დაიხვეწა პატიმრებისთვის საშიშროების რისკის განსაზღვრის პროცედურა და რომლის შესაბამისად, ის მსჯავრდებულები, რომლებიც მხარდაჭერას და დადებით განწყობას გამოხატავენ კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ, იზოლირებულები არიან სხვა პატიმრებისგან, როგორც წესი საცხოვრებელ საკანში იმყოფებიან მარტო. ბრძანების საფუძველზე დოკუმენტის გამოცემიდან დღეის ჩათვლით ნახევრადღია პენტენციური დაწესებულებებიდან დახურულ დაწესებულებებში გადაყვანილია 60 მსჯავრდებული, ვინც სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას შეეცადა.
შესაბამისად დღეს პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური ავტორიტეტების რაიმე სახის ზეგავლენაზე საუბარი არის სიცრუე და მოცემული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება ერთადერთ მიზანს - საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,”- აღნიშნულია განცხადებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.