საზოგადოება
ვანკუვერში ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა
ვანკუვერის ცენტრალურ „სტენლის
პარკში“ 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული
ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი
მემორიალი გაიხსნა.
ინფორმაციას კანადაში საქართველოს
საელჩო ავრცელებს.
„ვანკუვერის მერიის რეგულაციების შესაბამისად, ცნობილი და პოპულარული
ვანკუვერელებისადმი მიძღვნილი მემორიალების მსგავსად, სტენლის პარკში
განთავსებულ ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალსაც სპეციალური სკვერის
სკამის სახე აქვს, რომელზეც ნოდარისადმი მიძღვნილი წარწერაა
გაკეთებული. ეს მემორიალი მინიმუმ 10 წელი იდგება ვანკუვერში. საელჩო,
ბრიტანეთის კოლუმბიის ქართულ დიასპორულ ორგანიზაციასთან ერთად, ბოლო
წლებში პატრონაჟს უწევს ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ
ღონისძიებებსა და პროექტებს, რომელთა მიზანია, კანადის საზოგადოებას
გააცნოს ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი და კანადელებში გაზარდოს
საქართველოთი დაინტერესება“ - წერია საელჩოს განცხადებაში.
2010 წლის 12 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე
საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ
ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო
დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143,3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა
ტრასის ბორტს შეეჯახა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი სასწრაფო
დახმარების ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ მისი
გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გააზიარეთ :