საზოგადოება
აშშ-ის ელჩის მემკვიდრეობის ფონდიდან მცხეთის ჯვრის კონსერვაციისა და გამაგრებისთვის 506 ათასი აშშ დოლარი გამოიყო
აშშ-ის ელჩის მემკვიდრეობის
ფონდიდან მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციისა და
გამაგრებისთვის 506 ათასი აშშ დოლარი გამოიყო.
როგორც აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა აღნიშნა, შეერთებული
შტატები ამაყობს, რომ აქვს შესაძლებლობა შეინარჩუნოს საქართველოს
ისტორისთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლი.
"ეკლესია საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს
საზოგადოების ისტორიასა და კულტურაში, ამერიკის შეერთებული შტატები
ამაყობს იმით, რომ აქვს საშუალება შეინარჩუნოს საქართველოს ისტორიის
ეს უმნიშვნელოვანები სიმბოლო", - განაცხადა კელი დეგნანმა, რომელმაც
თავად მოინახულა პროექტის განხორციელების ადგილი.
2019 წელს აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა გამოყო
დაფინანსება 100 000 აშშ დოლარის ოდენობით პროექტის პირველი
ეტაპისათვის, რომელიც ითვალისწინებდა მცხეთის ჯვრის ტაძრის შენობის
ყოველმხრივ მულტიდისციპლინურ კვლევას და ამ კვლევის საფუძველზე
საკონსერვაციო პროექტის მომზადებას. სამუშაოების დიდი ნაწილი
დასრულებულია.
"მოსალოდნელია, რომ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ
მომავალ 20 წელიწადში კონსერვაციის აუცილებლობა აღარ იქნება", -
ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, უკანასკნელი 2 ათწლეულის
განმავლობაში, საქართველოში 20 პროექტის დასაფინანსებლად შეერთებულმა
შტატებმა 2 მილიონი დოლარი გამოყო.
გააზიარეთ :