"ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი" - მეუფე გერასიმე
"ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი, რომლის შესახებ აუცილებლად იმსჯელებს
ეკლესია" - ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე
გერასიმემ ყინწვისის მონასტერში მომხდართან დაკავშირებით
ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მსგავს საკითხებს ზნეობრივი კომისია
განიხილავს.
„არსებობს ზნეობრივი კომისია საქართველოს საპატრიარქოში,
რომელიც ნებისმიერ საკითხს, რომელიც ეხება სასულიერო პირების ზნეობრივ
თემას, განიხილავს და შემდგომში უკვე თუ გადაწყვეტს, რომ წარადგინოს
სინოდის წინაშე, სინოდის წინაშე უნდა დააყენონ. ეს არის ძალიან მძიმე
ფაქტი, რომლის შესახებ აუცილებლად იმსჯელებს ეკლესია“-
აღნიშნა მეუფემ.
ამავე საკითხზე მცირე კომენტარი გააკეთა პატრიარქის მოსაყდრე მეუფე
შიომ. კითხვაზე: უნდა განიხილოს თუ არა აღნიშნული საკითხი ზნეობრივმა
კომისიამ, მეუფე შიო ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამას ვერ იტყვის.
„ვერ გეტყვით, ჯერ იქ როგორ დასრულდება ეს საკითხი. მერე
მოგახსენებთ“- განაცხადა მეუფე შიომ.
შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის
ცეცხლსასროლი იარაღით გარჩევის ფაქტზე, სასულიერო პირი დააკავეს.
დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის
უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. მამა დავითს აღკვეთის
ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.