"ახლა ვართ გარკვეულ პიკურ პერიოდში" - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის
ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მარნეულის მოსახლეობას მიმართავს და
მოუწოდებს, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ
მიმართონ ექიმს. როგორც გამყრელიძემ მარნეულის მერიაში შეხვედრის
დასრულების შემდეგ განაცხადა, მარნეულში ეთნიკურად აზერბაიჯანელი
ბევრია და მნიშვნელოვანია, რომ მათთან ორენოვანი, სწორი კომუნიკაცია
მოხდეს, რათა ისინი ვირუსის საშიშროებაში დარწმუნდნენ.
“აუცილებელია, მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. აქ, ქვემო ქართლის
რეგიონში დიდია მოსახლეობაში ეთნიკურად აზერბაიჯანელი დებისა და
ძმების რაოდენობა და აუცილებელია ორენოვანი, კარგი კომუნიკაცია
მათთან, რომ დავაჯეროთ, მთლიანად, რაც მსოფლიოში მიდის, ეს არ არის
ჩვეულებრივი სურდო და ალერგია, ეს არის სერიოზული კორონავირუსული
ინფექცია, რომელმაც მსოფლიოში უკვე 7% გამოვლენილი ადამიანების
შეიწირა, ანუ 7%-ზე ავიდა სიკვდილიანობა და დაავადება მძიმდება.
მთელმა რიგმა ქვეყნებმა გადალახეს პიკი, ჩვენ ამ ეტაპამდე მოვდივართ
შედარებით ნაკლები დაზიანებით. ახლა ვართ გარკვეულ პიკურ პერიოდში, ეს
კვირა, მომავალი კვირა, მე-7 კვირაში შევდივართ ორშაბათიდან, რაც შიდა
გავრცელება დაგვეწყო, ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო, მეტი გამოვლენა.
ყველამ უთხარით მეგობრებს, თუ ვინმეს ტემპერატურა აქვს, თუ ვინმეს
რესპირაციული სიმპტომები აქვს, მიმართოს ექიმს და ექიმის რჩევით
იმოქმედონ. გამოვიკვლიოთ, თუ დადებითია, სწრაფადვე, ადრეულ ეტაპზე
მკურნალობა ძალიან კარგ შედეგს იძლევა. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ და
მოვუწოდებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ვთხოვ მათ, რომ
ყოველდღიურად გაისინჯონ ტემპერატურა, თუ მომატებულია ტემპერატურა,
აუცილებელია, რომ მიმართონ ექიმს, თუ აქვთ ხველა, სუნთქვის
უკმარისობა, აუცილებელია, რომ მიმართონ ექიმს, თუ იციან, რომ იყვნენ
კონტაქტში ადამიანთან, ვისაც დაუდასტურდა ინფექცია, მიმართონ ექიმს,
ეს არის ჩემი უმორჩილესი თხოვნა ყველასთვის” - განაცხადა
გამყრელიძემ.