მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან
გამომდინარე სამუშაო ან შემოსავალი დაკარგეს სახელმწიფო დაეხმარება.
მათ შორის, კომპენსაციას 300 ლარის ოდენობით ერთჯერადად მიიღებენ
თვითდასაქმებული პირებიც.
იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული
შემოსავლების სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე -
www.moh.gov.ge, უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა.
კომპენსაციის მიღების მიზნით ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის
პირველი ივლისისა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინოს შემდეგი
ინფორმაცია:
- სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
- საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი
მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
- ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავლის
წყაროს შესახებ;
- 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს
დამადასტურებელი დოკუმეტი, მათ შორის: გადასახადის გადამხდელად
რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ
გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითად დასტურდება
შემოსავლის მიღების ფაქტი (წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც
შესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე
მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული
საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
მაგალითად შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი);
- 2020 წლის პირველი 3 თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც
დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული
შემოსავალი;
- მუნიციპალეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა
ნებართვა/ლიცენზია;
- საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ
გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა
ან/და შემოსავალი;
- „სააგენტო, სამუშაო ჯგუფთან ერთად იხილავს წარმოდგენილ
ელექტრონულ განაცხადებს და არაუუგვიანეს 2 კვირის ვადაში
გადაწყვეტილების მისაღებად სიას წარუდგენს ჯანდაცვის მინისტრის
ბრძანებით შექმნილ უწყებათაშორის კომისიას.
აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდებიან ის პირები, რომლებიც არიან
შემოსავლების სამსახურიდან სააგენტოსთვის მიწოდებულ სხვა
საკომპენსაციო სიებში. კომისიის გადაწყვეტილებიდან 10 სამუშაო დღის
ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს განმცხადებლისათვის კომპენსაციის თანხის
ჩარიცხვას განცხადებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
იმ პირებს, რომელთა განცხადებებიც არ დაკმაყოფილდება, სააგენტო
გადაწყვეტილების მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში მოკლე ტექსტური
შეტყობინების სახით აწვდის ინფორმაციას კომპენსაციის გაცემაზე უარის
შესახებ. დამატებითი ინფორმაციის მიღება პირს შეეძლება ჯანდაცვის
სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505“-აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს
ინფორმაციაში.