საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება
მთავრობა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით
გაგრძელების წინადადებით მიმართავს. ამის შესახებ განცხადება
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
"ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო მძიმდება წყაროს დადგენა...
ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი 2-3 კვირის
განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში", -
განაცხადა ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
ჩიქოვანის თქმით, დღეს საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და
საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა პრეზიდენტს,
საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე.
"პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ
ბრძანების გამოცხადებისთანავე, გადაწყვეტილება იქნება ძალაში,
რომელსაც შემდგომში პარლამენტი მიიღებს", - განაცხადა ჩიქოვანმა.