მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 12 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია
იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობას აღნიშნავს.
ბორჯომის და ბაკურიანის ეპარქიაში მოქმედ ყველა ტაძარში სადღესასწაულო
წირვა ჩატარდა. მრევლი ეკლესიების ეზოებში, დისტანციის დაცვის
მიხედვით შეიკრიბა. წირვის დასრულების შემდეგ მოხდა ბზის
კურთხევა.
დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის
იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას,
ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი
დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს
აღინიშნება.
წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი
მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა
საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე
ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე
ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: "ოსანა ძესა
დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი
ხარ მაღალთა შინა!"