პირს,რომელმაც ბორჯომში ძაღლი 12-ე სართულიდან გადააგდო ბრალი წარედგინა
ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ ქ.ბორჯომში ცხოველის მიმართ
განხორციელებული სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ ა.ს.-ს ბრალი
წარუდგინა.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 20:30
საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა.ს.-მ ქ.ბორჯომში მდებარე
ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან ქ.თ.-ს ძაღლი
გადააგდო, რის შედეგად ცხოველმა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის
დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა ა.ს. 2020 წლის 8 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით
(ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია)
წარედგინა.
"2020 წლის 10 აპრილს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს
და ბრალდებულ ა.ს.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი
საპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ ნაწილობრივ
დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ ა.ს.-ს
აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა - ხელწერილი გაუსვლელობისა და
სათანადო ქცევის შესახებ, რასაც პროკურატურა გაასაჩივრებს კანონით
დადგენილ ვადაში და წესით",-ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ა.ს.-ს მიმართ
წარდგენილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.