ბორჯომსა და ახალციხეში აგრარული ბაზრები დროებით დაიხურა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული სამი აგრარული ბაზრიდან ორი დღეს,
რვა აპრილს დაიხურა. ბორჯომის და ახალციხის ბაზრების ადმინისტრაციაში
ამბობენ, რომ ეს დროებითია და პირობების მოწესრიგების შემდეგ, სავაჭრო
ობიექტი ფუნქციონირებას გააგრძელებს.
ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ
,,ახალციხეში“, დღეს მხოლოდ ხორცისა და სურსათის მაღაზიები მუშაობდა,
შიდა ტერიტორია, სადაც ხილ-ბოსტნეულის დახლები იყო, დაიკეტა. ბაზრის
წარომადგენლების თქმით, დახლების გადაწყობა ხდება, რათა მომხმარებლებს
შორის დისტანციის დაცვა მოხერხდეს.
დირექტრის, ვახტანგ ქართველიშვილის განმარტებით, გამყიდველებს პირბადე
და ხელთათმანები უკეთიათ, დეზინფექცია უტარდება ტერიტორიას, თუმცა
პრობლემას მყიდველები ქმნიდნენ.
რაც შეეხება ბორჯომის აგრარულ ბაზარს, მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებლის დავით ზაალიშვილის განმარტებით, სავაჭრო
ობიექტები, რომლებიც ბოსტნეულით ვაჭრობდნენ, არც რეკომენდაციებს
იცავდნენ და არც მყიდველთა რიგებს არეგულირებდნენ. მისივე თქმით,
ბაზარი ტერიტორიის მოწესრიგების შემდეგ გაიხსნება.