რა შემთხვევაში ინიშნება პრეპარატი „პლაქველინი“
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო
კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, პრეპარატი
„პლაქველინი“ პაციენტების კლინიკური სურათის მიხედვით ინიშნება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე პრეპარატის გამოყენების
კლინიკური შედეგი სახეზეა.
„რაც შეეხება პლაქველინოთერაპიას, მოგეხსენებათ, სახელმწიფო
პროტოკოლში, რომლის ერთ-ერთი ავტორი მეც გახლავართ ბატონ თენგიზთან
(თენგიზ ცერცვაძე) ერთად, ჩადებული გვაქვს „პლაქველინის“ თერაპია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პაციენტებთან, რომლებთანაც ვფიქრობთ,
რომ კლინიკურად უნდა დავნიშნოთ, „პლაქველინი“ ინიშნება.
რაც შეეხება შედეგს, კლინიკური შედეგი ამ ეტაპზე სახეზე გვაქვს. მას
თავისი კლინიკური ჩვენება გააჩნია, რომელ დღეს, რომელ სტადიაზე, რა
დოზით და რა ხანგრძლივობით უნდა მივიღოთ. მოგეხსენებათ, ერთი თვეც კი
არ არის, რაც ჩვენმა კლინიკამ COVID19-ის ინფექციასთან ბრძოლა დაიწყო
და ეს სტანდარტული თერაპია დაწყებული გვაქვს. სტატისტიკა გადაგზავნილი
გვაქვს. რამდენიმე დღეში პასუხს ველოდებით და ზუსტ ინფორმაციას
მოგაწვდით“, - განაცხადა რატიანმა.
მისი თქმით, იანვარში კლინიკამ „პლაქველინი“ მარაგის სახით
შემოიტანა.
„პირადად, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს კლინიკაზე ვაგებ პასუხს. რადგანაც
პანდემია გამოცხადდა, იცით, რომ 31 დეკემბერს პირველად აღმოაჩინეს და
ამის შემდეგ თვალყურს ვადევნებდით ინფექციასთან ბრძოლას. იანვრის
თვეში ჩვენმა კლინიკამ „პლაქველინი“ მარაგის სახით შემოიტანა“, -
აცხადებს რატიანი.