საზოგადოება
დარჩი სახლში, საუკეთესო პერიოდია საკუთარი შვილების შესაცნობად - მონიკა ჭანტურია

ბორჯომელი პადაგოგის, მონიკა ჭანტურიას თვალით დანახული დისტანციური სწავლება:


"რამდენიმე კვირაა ოჯახში დისტანციური კუთხე მოვაწყვეთ შვილებისთვის; თითქოს განსხვავებულ წესებს ვემორჩილებით ოჯახის ყველა წევრი. სამი სხვადასხვა ასაკის შვილისთვის, ვახერხებთ დროის და რესურსების გადანაწილებას ისე, რომ არც ერთი არ დაზარალდეს და შემეცნებითიც იყოს მათთვის ყველა დღე. ბევრს საუბრობენ ასეთი გაკვეთილების ხარვეზებზე. მაგრამ მინდა მშობლის თვალით დანახული ამბები მოგიყვეთ.

დილიდან საღამომდე ვხედავთ, როგორ იმართება, იგეგმება ჩვენი შვილების დღე. ნელ-ნელა მოდის შესასრულებელი დავალებები. სანამ ოჯახურ საქმეებში ვარ, მამა-შვილებთან თანამშრომლობს და ცდილობენ ერთად შეარჩიონ ბიოლოგიისთვის საჭირო პრეზენტაციის დასაწყისი, ასევე ეხმარება ბავშვებს ქიმიის პარაგრაფის გააზრებაში, უცხო ენის თარგმნაში. ამასობაში მოდის ქართულის დროც – ანუ: ჩემი საათი.

ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესისგან განსხვავებით მოზარდი არ არის დაძაბული, ნაკლებია გაუგებრობა, მაღალია დავალების შესრულების მოტივაცია, არ აქვს უარყოფითი მოლოდინი, არ შფოთავს, ზოგადად, საგნებისადმი მეტი კეთილგანწყობაა დისტანციურად. თავიდან ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი, მაგრამ ასე გაგრძელდა. გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მოთხრობის დასრულება შესთავაზა კლასს ქართულის პედაგოგმა. ღამის თორმეტის ნახევარზე ,,უნდა დავწეროო“ _ თქვა და ლეპტოპში მისი ორიგინალური ვერსიის აკრეფა დაიწყო. ვაკვირდები. სიტყვა სიტყვას მისდევს, წინადადება წინადადებას…გაკვირვებულ-ნასიამოვნები მხოლოდ ის მადარდებს, რომ გვიანია და ძილის დროა.

რამ შეცვალა რადიკალურად ერთი მოსწავლის (ჩემთვის შვილის) ქცევა და რამ გაუღვივა სწავლის სურვილი? მგონი, პასუხსაც მივაკვლიე:

ის ხშირად გაურბოდა კლასის წინაშე დავალების წარდგინებას ან მსჯელობაში აქტიურად ჩართვას. როგორც კი გარკვეული სოციუმის წინაშე რაღაცის ,,დამტკიცება“ არ სჭირდება, გაცილებით ღიაა და მოტივირებული.

აქამდე თავდაჯერებულობა აკლდა, ახლა ძალიან უხარია მასწავლებლის კომენტარი: ,,ყოჩაღ, ჩართულობა გაზარდე და ეს მახარებს.“

ორივეს _ მეც და მამამისსაც საკმაოდ დაკავებულ გრაფიკში გვიწევდა მუშაობა. ჩემი გაკვეთილების შემოქმედებით პროცესში მთლიანად ჩართულს, შვილისთვის დრო არ გვრჩებოდა. ახლა კი: ერთად ყოფნა, სამივე ოთახში სამეცადინო გარემო და ყველა საგნით თანაბრად დაინტერესება, გაცილებით სასიკეთოა ჩემი შვილისთვის, შეიცვალა მისი, როგორც მოსწავლის, სწავლისადმი დამოკიდებულება.

საღამოს, ძირითადად, სიტყვების გამოცნობას ვთამაშობთ. თამაშში სკოლამდელი ასაკის პატარაც ერთვება და ცდილობს გამოიცნოს ჩაფიქრებული სიტყვა. სკოლის ორი მოსწავლისთვის კი ხალისით გადის დრო. საინტერესო ფილმებია დღის წესრიგში. საკითხავი ლიტერატურაც კი ისეთი აირჩიეს, ადრე რჩევის და ხვეწნის მიუხედავად რომ არ გაკარებიან. მამის როლი ახლა გაათმაგდა. გარემოსდაცვით ვებინარს ასმენინებს ორივეს. შემდეგ უნდა განიხილონ მოსმენილი საკითხები. გარემოს გაფრთხილება და მოვლა სჭირდება, ეს უნდა ისწავლონ და გააცნობიერონ მოსწავლეებმა უფროსების დახმარებით.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ,,განათლების იდეა საკუთარ თავზე დაფიქრებაა“, მაშინ ,,დარჩი სახლში“ საუკეთესო პერიოდია საკუთარი შვილების შესაცნობად! როგორც მშობელი, სარკეში იხედები და ხედავ შენს გადაცდომებსაც, სწორხაზოვან მიდგომებსაც და საჭიროებებსაც უკეთ აცნობიერებ."
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.