მოქალაქეებს შეუძლიათ უარი განაცხადონ კომუნალური გადასახადების შეღავათზე
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ელექტროენერგიისა და გაზის
გადასახადზე სახელმწიფო სუბსიდიის გამოყენების სურვილი არ აქვთ,
შეთავაზებაზე უარის თქმა შეუძლიათ.
ასეთმა აბონენტებმა შესაბამის პასუხისმგებელ კომპანიებს უნდა მიმართონ
და მოხდება სიების დაკორექტირება.
„ბევრი ადამიანია რამდენიმე ბინით, მაგრამ ვესაუბრეთ
მომსახურების ყველა მიმწოდებელს და შექმნილია პროგრამა, რომელიც ყველა
პატიოსან მოქალაქეს აძლევს საშუალებას, უარი თქვას ამ დახმარებაზე, თუ
მას ეს არ სჭირდება და ეს მოხმარდება სხვა ადამიანებს. დამიკავშირდნენ
ამ თემაზე ადამიანები, რომლებიც 200 კილოვატამდე ნაკლებ
ელექტროენერგიას მოიხმარენ, მაგრამ მსგავსი მხარდაჭერა არ სჭირდებათ.
ეს ერთსულოვნება მისასალმებელია და ამ შესაძლებლობას ჩვენს
მოქალაქეებს მივცემთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გუშინ მიღებული
გადაწყვეტილებით, თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში 200
კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ
ბუნებრივ აირს მოიხმარს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და
მაისში გადასახადებს სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს. დაფინანსება
აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც.
ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი,
ხოლო ბუნებრივ აირზე დაწესებული შეღავათით - 671 ათასი ოჯახი
ისარგებლებს.