სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ზომები გამკაცრდება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ გააკეთა
განცხადება, რის თანახმადაც სამეგრელო -ზემო სვანეთში კორონავირუსის
გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებები მკაცრდება,
ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობას იწყებენ პოლიციის,
სამხედრო ძალების და ჯანდაცვის სფეროს ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც იმ
მოქალაქეებს გააკონტროლებენ, ვინც რეკომენდაციებს არ ასრულებს,
გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა და
სოფლებში.
"29 მარტიდან ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც
მოძრაობდა ჩვენს რეგიონში მთლიანად შეწყვეტს მოძრაობას. შეიქმნება
მობილური ჯგუფები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან ჯანდაცვის სფეროს,
პოლიციის და სამხედრო ძალის წარმომადგენლებით. ჯგუფები მუშაობას
დაიწყებენ უახლოეს დღეებში, შეიქმნება ბლოკ-პოსტები მუნიციპალიტეტების
შესასვლელ-გასასვლელებთან. ყველა ავტომობილი, სადაც იქნება 3
პიროვნებაზე მეტი, აუცილებლად შეჩერებული იქნება. მანქანებში ყველა
უნდა იჯდეს პირბადით, ჩვენ ყველა მოქალაქეს გავაცნობთ რეკომენდაციებს.
ჯგუფები გააკონტროლებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ
რეკომენდაციებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა
მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად! ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მივიღოთ
ყველა ის ზომები, რომ შევანელოთ ვირუსის გავრცელება. მინდა განვმარტო,
ეს ზომები არ არის ანალოგიური მარნეულის ვითარებისა. მარნეულში
კომენდანტის საათია, პრაქტიკულად დაკეტილია მთლიანად ქალაქი, ჩვენ ამ
ზომას არ მივმართავთ", - განაცხადა მოწერელიამ.