გარდაბანში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
1986 წელს დაბადებული ტ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ
მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს,
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ყოფილ მეუღლეს - 1996
წელს დაბადებულ ხ.გ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის
ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები
მიაყენა და მიიმალა. ხ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების
სახით ამოიღეს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ
განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.