შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის
დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა განცხადებას ავრცელებს,
რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ :
"დღეს, ბორჯომის საკრებულოში გამართული სხდომის დროს მომხდარ
ინციდენტებზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და გამოძიება 2
ფაქტზე დაიწყო. მთელი დღის განმავლობაში ბორჯომის საკრებულოს შენობას
და მასში შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას შინაგან საქმეთა
სამინისტროს დაცვის პოლიციის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლები იცავდნენ. სამართალდამცველებმა დროულად
შეძლეს დაპირისპირებული მხარეების იზოლირება, რის შედეგადაც ინციდენტი
მასობრივ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ბორჯომის საკრებულოში
მომხდარ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის
1-ლი პრიმა ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
მიმდინარეობს. საკრებულოს შენობაში, ასევე, მის მიმდებარე
ტერიტორიაზე, დაპირისპირებული მხარეების უსაფრთხოებისა და ინციდენტის
გამეორების პრევენციის მიზნით, პოლიცია მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში
აგრძელებს".