ბორჯომში დაშავებული ტურისტებიდან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
გარდაცვლილი ქალის მეუღლე - 45 წლამდე მამაკაცი და ბავშვების ძიძა ამ
დრომდე, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.
მედიკოსების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია და
სიცოცხლისთვის საშიშს არ წარმოადგენს. ასევე მძიმე მდგომარეობაშია
მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც თავის ქალაზე აქვს მიღებული
დაზიანებები. სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული "კვადროციკლის"
მძღოლიც.
როგორც ცნობილია, ბორჯომის სამედიცინო ცენტრში სულ 9 დაშავებული
მოათავსეს: ცოლ-ქმარი, ხუთი ბავშვი, ბავშვების ძიძა და "კვადროციკლის"
მძღოლი. ბავშვების დედა, 40 წლამდე ასაკის ქალი მალევე
გარდაიცვალა. სტაბილურია ოთხი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა,
რომელთა ასაკიც 2-დან 15 წლამდე მერყეობს. დანარჩენები ამ
დრომდე მკურნალობას გადიან და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ
რჩებიან.
შეგახსენებთ, ბორჯომში, პლატოს ტყიდან გოგირდის აბანოებამდე მიმავალ
გზაზე არაბი ტურისტები კვადროციკლით დაშავდნენ. მას ადგილობრივი
მძღოლი მართავდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-5
ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა გამოიწვია.