შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ 2 პირი დააკავა
ავტომანქანის ჩხრეკისას, წინა მარჯვენა კარის სათავსოში, ასევე,
ნანახი და ამოღებული იქნა საინექციოდ გამზადებული ე.წ. "შპრიცი" -
სითხის შიგთავსით.
16 მარტს აღნიშნული პირები ქალაქ ზუგდიდში, ლევან მეორე დადიანის
ქუჩაზე, ვ.შ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ,
რა დროსაც შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ისინი
შეაჩერეს და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები - პირადი და
ავტომანქანის ჩხრეკა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
პოლიციის თანამშრომელს - ი.ჭ.-ს ჯიბეში აღმოაჩნდა ერთი ცალი თეთრი
ფერის აბი (სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება).
შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველო
აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს შსს-ს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს
სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების
პატრულ-ინსპექტორის, 1986 წელს დაბადებული ი.ჭ.-სა და მასთან კავშირში
მყოფი მოქალაქეების: 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და 1984 წელს
დაბადებული ვ.შ.-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი
ნაწილით.
აღნიშნულის გარდა, მოქალაქე ვ.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას
ნანახი და ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ლითონის
კონსტრუქციის მჭიდი, ხელყუმბარა და 86 ვაზნა.
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო
სამმართველოს პირველი განყოფილების პატრულ-ინსპექტორი ი.ჭ. და
ავტომანქანის მფლობელი, მოქალაქე ვ.შ. დააკავა.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ვ.შ.-ს ნარკოტიკული საშუალება
ბუპრენორფინის და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ი.ჭ.-ს
ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი და ვ.ს.-ს
ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და მეტადონის მოხმარების ფაქტი
დაუდგინდათ. საქმეზე მიმდინარეობს შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები.