პროკურატურა გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურის მიერ, ჩატარებული გამოძიების შედეგად,
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჟურნალისტ გიორგი გასვიანის
მიმართ განხორციელებული ცემისა და მუქარის ფაქტზე, ბრალდებულის სახით
დაკავებული იქნენ მიხეილ ხუციშვილი, პაატა კვინიკაძე და ბორის
გოგიჩაიშვილი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 18 დეკემბერს, ტელეკომპანია
"იბერია"-ს ჟურნალისტი გიორგი გასვიანი, მისი კუთვნილი ავტომანქანით,
გაემგზავრა ქ. ბორჯომში, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო სასტუმრო
"ქრაუნ პლაზა ბორჯომში" ჟურნალისტებისთვის გამართულ სემინარში.
დაახლოებით 24:00 საათზე, ქ. ბორჯომში ჩასულს, მას სავალ გზაზე
ავტომანქანა მოუცურდა, რის გამოც მის მანქანასთან საპირისპირო
მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა გაჩერდა, რომელსაც მიხეილ ხუციშვილი
მართავდა. ამ უკანასკნელს თან ახლდნენ მეგობრები - პაატა კვინიკაძე და
ბორის გოგიჩაიშვილი. აღნიშნული პირები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან,
მივიდნენ გიორგი გასვიანის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანასთან და
დაუწყეს ცემა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, ხოლო მიხეილ
ხუციშვილმა გიორგი გასვიანს თავზე დაადო მის ხელთ არსებული
ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი) და მის მიმართ განახორციელა მუქარა,
რაც გიორგი გასვიანის მიერ აღქმული იქნა სიცოცხლის და ჯანმრთელობის
დაზიანების რეალურ საფრთხედ. მიხეილ ხუციშვილმა, ბორის გოგიჩაიშვილმა
და პაატა კვინიკაძემ მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტეს ცემა, რაც გიორგი
გასვიანისგან შეიტყეს, რომ იგი ჟურნალისტი იყო და დაიწყეს მისი
დაყოლიება იმაზე, რომ გიორგი გასვიანს აღნიშნული ფაქტი არსად
გაემჟღავნებინა. შემდეგ კი მიაცილეს სასტუმრო "ქრაუნ პლაზა
ბორჯომ"-ში.
მიხეილ ხუციშვილის, ბორის გოგიჩაიშვილის და პაატა კვინიკაძის
ბრალდებულის სახით დაკავებისას პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ის
გარემოება, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი რომ თავისუფლებაში
მყოფი ბრალდებულები ზემოქმედებას მოახდენდნენ მოწმეებზე, ბრალდებულები
არ აღიარებენ დანაშაულს არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ამასთან
მხედველობაში იქნა მიღებული ის ფაქტიც, რომ მიხეილ ხუციშვილმა, ბორის
გოგიჩაიშვილმა და პაატა კვინიკაძემ დანაშაულის ჩადენისთანავე სცადეს
მისი დაფარვა, კერძოდ მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ
დაზარალებული გიორგი გასვიანი იყო ჟურნალისტი, დაიწყეს მისი
დაყოლიება, რომ არ გაემჟღავნებინა მომხდარი და არ მიემართა
სამართალდამცავი ორგანოებისთვის. დაზარალებული სასტუმროში დატოვეს მას
შემდეგ, რაც მიიღეს პირობა, რომ მომხდარის შესახებ გიორგი გასვიანი
არსად განაცხადებდა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურატურამ მიმართა
სასამართლოს მიხეილ ხუციშვილის, ბორის გოგიჩაიშვილის და პაატა
კვინიკაძის დაკავების შუამდგომლობით.
გამოძიებით დადგენილია რომ მიხეილ ხუციშვილი არის შ.ს. ბორჯომის
რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების ყოფილი
უფროსი ინსპექტორ - გამომძიებელი, პაატა კვინიკაძე სსიპ დაცვის
პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის
სამმართველოს ბორჯომის დაცვის პოლიციის განყოფილების ობიექტების
დაცვის დანაყოფების ა(ა)იპ "ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის"
შენობისა და ტერიტორიის დაცვის ყოფილი ინსპექტორი ხოლო ბორის
გოგიჩაიშვილი ქმედების ჩადენის დროს იყო უმუშევარი.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მიხეილ ხუციშვილი და პაატა კვინიკაძე
დანაშაულის ჩადენის დროს არ ახორციელებდნენ სამსახურებრივ
უფლებამოსილებას.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
151-ე მუხლით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და
ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.