პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ
მოპოვება და შენახვა, გამოძალვა და სქესობრივი კავშირის იძულება - ეს
არის ის დანაშაულები, რისთვისაც საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს
ბრალი წაუყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ივნისს დააკავეს.
შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ მან უკანონოდ მოიპოვა და შეინახა
დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო- და
ვიდეომასალა და სახელის გამტეხი ინფორმაციის გახმაურებითაც დაემუქრა,
რისთვისაც დაზარალებულს სხვადასხვა დროს თანხას სძალავდა.
აიძულა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებაც.
ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ
მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ ტექნიკაში ნახეს სხვადასხვა
პირთან ინტიმური კავშირის ამსახველი უკანონო ჩანაწერები.
დაკავებულ პირს ბრალად ედება
სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული
(პირადი საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა) და 181-ე მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (გამოძალვა, რასაც ერთვის
მუქარა), ასევე 139-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
დანაშაული - სქესობრივი კავშირის იძულება.
პროკურატურა ბრალდებულისთვის
აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობას ითხოვს და ამ შუამდგომლობით ის
სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.