ახალი ამბები
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ინიციატივას კოვიდპანდემიის დროს დაჯარიმებულთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზე
პარლამენტი დაჩქარებული წესით
მთავრობის ინიციატივას განიხილავს, რომელიც ადმინისტრაციული
სახდელისგან და ასევე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან იმ
პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებიც კოვიდპანდემიის დროს
დადგენილი წესების დარღვევის გამო დასანქცირდნენ.
ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციული სახდელისგან
გათავისუფლების შესახებ“ და “ამნისტიის შესახებ“ უკვე მიღებულ
კანონებში შედის და ის პასუხისმგებლობისგან იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებს ათავისუფლებს, რომელთაც სამართალდარღვევა 2021 წლის 23
ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის პერიოდში ჩაიდინეს.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან იზოლაციისა და კარანტინის წესის,
ასევე პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები
თავისუფლდებიან. მთავრობის ინფორმაციით, ადმინისტრაციული სახდელისგან
1 893 პირი გათავისუფლდება. აქედან 1855 - ფიზიკური პირი და 38
იურიდიული პირია. თანხის ჯამური ოდენობა - 5 596 047 ლარია (ფიზიკური
პირების მიმართ - 5 346 047 ლარი, იურიდიული პირების მიმართ - 250 000
ლარი).
რაც შეეხება “ამნისტიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ის პირები
გათავისუფლდებიან, რომლებმაც “სისხლის სამართლის კოდექსის“ 248/1
მუხლით გათვალისწინებული ქმედება 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4
ივლისამდე პერიოდში ჩაიდინეს. როგორც მთავრობა განმარტავს, “სისხლის
სამართლის კოდექსის“ 248/1 მუხლით 2021 წლის 23 ივნისიდან 2024 წლის
მაისის ჩათვლით პერიოდში განაჩენი გამოტანილია 10 ფიზიკური პირის
მიმართ. აღნიშნული 10 მსჯავრდებულიდან 8 პირს პირობითი მსჯავრი
შეეფარდა, რომლის ფარგლებშიც 6 მსჯავრდებულს დაეკისრა ჯარიმა 2000
ლარის ოდენობით.
არსებული მონაცემებით, ჯარიმა გადახდილი აქვს ერთ მსჯავრდებულს.
შესაბამისად, სხვა მსჯავრდებული პირები ჯარიმის თანხას აღარ
გადაიხდიან.
“ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და “ამნისტიის
შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 10
ივნისის სხდომაზე წარედგინება.
წყარო: ინტერპრესნიუსი
გააზიარეთ :