კაცმა არასრულწლოვანს სექსუალური კავშირი აიძულა ვიდეოების გავრცელების მუქარით - საგამოძიებო სამსახური
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა
დააკავა კაცი, რომელმაც არასრულწლოვანს ვიდეოების გავრცელების მუქარით
სექსუალური
კავშირი აიძულა. მას ბრალად ედება გაუპატიურებისა და პირადი ცხოვრების
საიდუმლოს ხელყოფა - კაცს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამ დანაშაულის შესახებ საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ
განცხადებაში წერია:
"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს 1989 წელს
დაბადებულმა ი.ხ.-მ თემქის დასახლებაში არასრულწლოვან დაზარალებულს
საქმროსთან სქესობრივი აქტისას მანქანიდან მობილური ტელეფონით ფარულად
გადაუღო ფოტოები. მოგვიანებით ქუჩაში გააჩერა არასრულწლოვანი გოგონა,
წარუდგინა მას ფარულად გადაღებული ინტიმური შინაარსის ფოტოები, მისი
გავრცელების და გახმაურების მუქარით ჩასვა მანქანაში და მასთან
არანებაყოფლობით სქესობრივი აქტი დაამყარა".
საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში ამხილა კიდევ ერთი კაცი, რომლის
მიმართაც ბოლნისის სასამართლოს გამოტანილი აქვს გამამტყუნებელი
განაჩენი გაუპატიურების საქმეზე. ახლა მას გენდერული ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს
ხელყოფისთვის 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"დანაშაულში მხილებულია ბოლნისის რაიონში მცხოვრები 1985 წ-ს
დაბადებული ი.ა., რომელმაც 2022 წლის 28 მაისს შიშველ მდგომარეობაში
მყოფ დაზარალებულს იძულებით გადაუღო ფოტოები და შემდეგ გააუპატიურა,
რა დროსაც კუთვნილი მობილური ტელეფონით მოახდინა აღნიშნული პროცესის
უკანონოდ გადაღება. ბრალდებულმა, უკანონოდ გადაღებული ფოტოსურათი
„ფეისბუქ მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა დაზარალებულის
არასრულწლოვან შვილს", - წერია საგამოძიებო სამსახურია გავრცელებულ
განცხადებაში.
დანაშაულში კიდევ ექვსი კაცი ამხილეს - ბრალდებულები სოციალური
ქსელებით გაცნობილი ქალების პირადი მობილური ტელეფონებისა და
სოციალური ქსელების საშუალებით, პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ
ფოტოებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ. შემდეგ ისინი
facebook-ის და watsapp-ის საშუალებით სხვა ადამიანებს
უგზავნიდნენ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სპეციალური საგამოძიებო სამსახური
აკავებს კაცს, რომელიც ყოფილ პარტნიორ ქალს ინტიმურ ფოტოებს უვრცელებს
და შანტაჟისთვის იყენებს.
წყარო:რადიო თავისუფლება