უკანონო თევზჭერის 47 ფაქტი საქართველოში
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო
თევზჭერის 47 ფაქტი გამოავლინეს.
მათგან 20 ფაქტი სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,
შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 9 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში;
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში დაფიქსირდა 7 სამართალდარღვევა, 6-6
ფაქტია გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლში,
კახეთში - 3, გურიაში - 3, მცხეთა-მთიანეთში - 2; თითო-თითო ფაქტი
გამოვლენილია აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში; 7 ფაქტია
აღკვეთილი დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს
თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც -
აღნიშნულ პერიოდში, თბილისში, უკანონო თევზჭერის 1 ფაქტი
გამოავლინეს.
ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ
საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი
და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური
აპარატით თევზჭერის 8, სახლართი ტიპის ბადით - 34 და ფაცერის
გამოყენებით უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი.
ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ინტენსიურად ტარდება პრევენციული
ღონისძიებებიც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში,
უკანონო თევზჭერის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის ივნისში
გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 1 200 მეტრამდე
სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს. ბადეები ამოღებულია თბილისის
ზღვიდან, შაორის ტბიდან, ასევე, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებიდან.
მდინარე ალაზანზე გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად კი,
გამოვლენილია უპატრონოდ მიტოვებული 1 ერთეული
თევზმახე.