შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის
თანამშრომლებმა,
ერთობლივად ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის და მიგრანტების გადაყვანის
მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.
დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1976 წელს დაბადებულმა, თურქეთის
რესპუბლიკის მოქალაქე ვ.ქ.-მ, საკუთარ სატვირთო ავტომანქანაში
მოწყობილი სამალავის მეშვეობით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის
მიმართულებით საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, მიგრანტების,
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის 1988 წელს დაბადებული ე.ო.-ს და
უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქის 1994 წელს დაბადებული ზ.ა.-ს
უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე პრიმა
მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 19-344-ე მუხლის მეორე
ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.