პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
პოლიციამ შიდა ქართლში,
მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და
საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში,
შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი
იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს და 3 პირი
დააკავეს.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ვ.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ნივთმტკიცების სახით
ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 14 მჭიდი და 441
ვაზნა.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1983 წელს დაბადებული ი.კ.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის
ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი
სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 20
ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. გურიის პოლიციის
დეპარტამენტის ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონული სამმართველოების
თანამშრომლების მიერ, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის არის დაკავებული. პოლიციამ, მისი
პირადი ჩხრეკის შედეგად, „ბრაუნინგის“ სისტემის პისტოლეტი და მჭიდი
ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით
მიმდინარეობს.