მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.
მოსამართლემ განაჩენი, დღეს, 16
მაისს გამოაცხადა.
მოსამართლემ დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის"
ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა
50 000 ლარის ჯარიმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ
გაამართლა საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის
დირექტორი ზურაბ იაშვილი.
საქართველოს პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის 2019 წლის ზაფხულში
წარდგენილი ბრალი ეხება პერიოდს, როცა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი
2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს
„წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის
გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების
მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი
ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით
შემოსავლის მიღება“.