პოლიციამ სამცხე-ჯავახეთში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, სხვადასხვა დროს, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში უკანონო
ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 2 პირი
დააკავეს.
სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ადიგენის
მუნიციპალიტეტში დააკავეს თ.ღ., რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას
კალაშნიკოვის სისტემის "აკს"-ის მოდელის ავტომატი ნივთმტკიცებად
ამოიღეს.
რაც შეეხება მეორე პირს - 1989 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ
რ.მ.-ს, იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო
სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო
მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით
დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის
ცეცხლსასროლი პისტოლეტი 2 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვისა და შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4
ნაწილებით მიმდინარეობს.