შინდისის გმირების საფლავის გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შსს-ს ცნობით, ბრალდებულებმა
საფლავებიდან მოპარული ლითონის დეტალები ქალაქ ზესტაფონში მდებარე
შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში ჩააბარეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ლანჩხუთის
მუნიციპალიტეტში 5 საფლავი გაქურდეს. მათ შორის, დაკავებულები სოფელ
ქვიანში მდებარე, შინდისის გმირის - რუსლან წულაძის საფლავზე
განთავსებულ ალუმინის ნაკეთობას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია წარსულში
ნასამართლევი 2 პირი, რომლებსაც მიცვალებულისადმი უპატივცემულობა და
საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლება
ედებათ ბრალი.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის
ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის
"ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.