გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 474 ფაქტი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების
შედეგად,
2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის
ჩათვლით, 7009 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან
416 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები,
შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
ყველაზე მეტი ფაქტი უკანონო ტყითსარგებლობას ეხება; დეპარტამენტის
თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 1529, ხე-ტყის
ტრანსპორტირების წესის დარღვევის 1247, სახერხების ტექნიკური
რეგლამენტის დარღვევის 284 ფაქტი და 84 უკანონო სახერხი საამქრო
გამოავლინეს.
1 წლის განმავლობაში, ასევე გამოვლენილია ნარჩენების მართვის
კოდექსის 1379, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 803,
ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 651, წიაღის უკანონო
მოპოვების 410, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 135, წყლის
კანონმდებლობის დარღვევის 123, სხვადასხვა ლიცენზიანტის მხრიდან
ლიცენზიის პირობების დარღვევის 50 ფაქტი. აღნიშნულ პერიოდში, სხვა
გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 314 ფაქტია გამოვლენილი.
სამოქმედო ტერიტორიაზე, ყველაზე მეტი - 1 655 გარემოსდაცვითი
სამართალდარღვევა გამოავლინეს დასავლეთის რეგიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა. აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე გამოვლენილია 1 476 ფაქტი, კახეთში - 1 358,
სამეგრელო-ზემო სვანეთში - 607, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე - 590, სამცხე-ჯავახეთში - 474, ქვემო ქართლში - 444
ფაქტი. შავ ზღვაზე კი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს
მიერ, 24 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა. რაც შეეხება
დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცენტრალური
აპარატის თანამშრომლების მიერ, 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის
ჩათვლით 381 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 27
სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
1 წლის განმავლობაში, გარემოსდაცვითი სამართალდამრღვევების მიმართ
დაკისრებული ჯარიმის ოდენობამ 2 898 407 ლარი შეადგინა;
სამართალდამრღვევების მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის თანხა 4 მლნ
ლარს აღემატება.
2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) გარემოს დაცვის
სფეროში სამართალდარღვევების თაობაზე შემოსულია 2 798 შეტყობინება,
რომლებზეც განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული
რეაგირება.