სამართალი
სასამართლომ ლევან ზურაბაშვილს 2 თვიან წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი ლევან
ზურაბაშვილი სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
საქალაქო სასამართლოში პროცესს თავად
ზურაბაშვილიც ესწრებოდა.
პროკურატურა ლევან ზურაბაშვილისთვის პატიმრობას, ადვოკატები კი მისი
აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.
დაცვის მხარე ზურაბაშვილისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ადვოკატის
თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს, დანაშაულის ჩადენა განზრახული არ
ჰქონდა და მხოლოდ პროტესტი გამოთქვა.
"მოვითხოვთ გირაოს 1000 ლარის ოდენობით, იქიდან გამომდინარე, რომ მას
სურს დადგინდეს ჭეშმარიტება, ითნამშრომლოს გამოძიებასთან და ამიტომ
ვართ ამ პოზიციაზე თანახმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვითხოვდით, რომ
საერთოდ არცერთი ღონისძიება არ შეფარდებოდა და გაეთავისუფლებინათ
სასამართლო დარბაზიდან. არანაირი მძევლობა, მას არავისთვის თავისუფალი
გადაადგილება არ შეუზღუდავს, არავის უხეშად არ მოპყრობია, არავისთვის
საშიში არ ყოფილა.", – ამბობს ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი გიორგი
ჭოჭუა
პროკურატურის პოზიციით, ზურაბაშვილი პატიმრობაში უნდა დარჩეს, რომ
დანაშაული კვლავ არ გაიმეოროს.
,,ბრალდების მხარემ მივმართეთ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის
გამოყენების თაობაზე, რათა არ მოხდეს დანაშაულებრივი საქმიანობის
გაგრძელება, ექსპერტიზა დაადგენს ხომ არ წარმოადგენს იგი საშიშროებას
და ხომ არ არსებობს მისგან მომავალში ანალოგიური საქმის
განხორციელების საფრთხე" – ამბობს პროკურორი ლუკა გამყრელიძე.
პროკურორის თქმით, ქცევიდან გამომდინარე, ლევან ზურაბაშვილს
ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს, რაც დაადგენს დანაშაულის ჩადენის
დროს ზურაბაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას
დაკავებულს გამოძიება სსკ-ის 144 -ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტს
ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს და
9–დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლევან
ზურაბიშვილი 20 ნოემბერს შეიჭრა. შენობაში 1 შეიარაღებული პირი და 9
მძევალი იმყოფებოდა. ლევან ზურაბიშვილს საკუთრი მოთხოვნებიც ჰქონდა,
რომელიც Facebook-ზე პირდაპირი ეთერით გააჟღერა და პოლიტიკოსებს
3 პუნქტიანი გეგმის შესრულება მოსთხოვა. 4 საათის შემდეგ, ზურაბუშვილი
პოლიციას თავად ჩაბარდა.
გააზიარეთ :