პოლიციამ თელავის საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი დააკავა
პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ
განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და
საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თელავის
საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული მ. გ.
ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში
ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული,
"ტეტე"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის
მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა
მათზე. სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას,
კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი
ამოიღეს.
გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში
ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა
მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით
მიმდინარეობს.