„ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი და მედიატორი შეხვდნენ
ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანასთან
შეკრებილ აქციის მონაწილეებს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსი
ბექა ფერაძე და ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორი ანა სამსონია
შეხვდნენ.
დღესვე იგეგმება მათი შეხვედრა კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს
წარმომადგენლებთან, შემდეგ კი გაფიცულ თანამშრომლებთან.
დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ:
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო "IDS ბორჯომი
საქართველოში" შექმნილი ვითარების დასტაბილურების მიზნით, პროცესებში
აქტიურად ჩაერთო. შრომის ინსპექციის სამსახურისა და ჯანდაცვის
მინისტრის ბრძანებით დანიშნული მედიატორის ჩართულობით, შეხვედრები
გაიმართება კომპანიაში დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან, რათა
მხარეებს შორის შედგეს შეთანხმება, მათი ინტერესები იყოს სრულად
გათვალისწინებული და აღდგეს მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნების
სრულფასოვანი ფუნქციონირება“- ნათქვამია
განცხადებაში.