თუ საარჩევნო მოდელზე ოპოზიციის მიერ შემოთავაზება იქნება კომპრომისული, ნებისმიერ ვარიანტზე ვიმსჯელებთ- მამუკა მდინარაძე
თუ საარჩევნო მოდელზე ოპოზიციის მიერ შემოთავაზება იქნება
კომპრომისული, არ აქვს მნიშვნელობა რა ხარისხის, ჩვენ ნებისმიერ
ვარიანტზე ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის
ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა
საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს.
მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან კომპრომისული შეთავაზება
იყო 100/50 -ზე მოდელი და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მდინარაძის თქმით,
მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს აზრი ექნება მაშინ, როცა ოპოზიციის
მხრიდან რეალურ ვერსიას მოისმენენ.
„გუშინ ვნახეთ საზოგადოების მოტყუების მორიგი უშედეგო მცდელობა,
როდესაც ვნახეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა სატელიტებმა
ეუთო/ოდირის დასკვნის გასაღება სხვანაირად სცადეს. კარგია, რომ ეს
მესიჯი მათ ვერ გაიტანეს. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ ის კონსტიტუციურობას
არ აფასებს. გარდა ამისა, თქვა იგივე, რასაც ამბობენ ჩვენი სხვა
საერთაშორისო პარტნიორები, რომ ამასთან დაკავშირებით საჭიროა შედგეს
კონსენსუსი. ჩვენი მხრიდან კომპრომისის შედეგია, რომ შევთავაზეთ
100/50-ზე, ნაცვლად 77/73- ისა. ოპოზიციას კი გარდა პროპორციული
სისტემისა, სხვა მოდელი არ შემოუთავაზებია და ჩვენს შეთავაზებაზეც
„არას" გარდა არაფერი უთქვამს. კონსენსუსის არსი ის არ არის, რომ ერთი
მხარე დათმობაზე მიდის და მეორე მხარე - არაფერზე. ამიტომ ჩვენ
ველოდებით მათ გადაწყვეტილებას. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება
კომპრომისული, არ აქვს მნიშვნელობა რა ხარისხის იქნება, ჩვენ
ნებისმიერ ვარიანტზე ვიმსჯელებთ.
მათ სიტყვა „კომპრომისის" არსიც კი არ ესმით. გუშინ ხომ გამოჩნდა, რომ
მათ არ იცოდნენ ვისთვის უნდა მიემართათ კონსტიტუციურობის ტესტის
გასავლელად. ახლა გვიწევს განვუმარტოთ სიტყვა „კომპრომისის" არსი.
მეხუთე რაუნდი აზრს შეიძენს მაშინ, როდესაც მათ რეალურ, რაციონალურ
ვერსიას მოვისმენთ კომპრომისთან დაკავშირებით,"- განაცხადა
მდინარაძემ.